19 C ბათუმი
Wednesday 16th July 2025
საიუბილეო გამოფენა – დროის, სიყვარულისა და პროფესიონალიზმის ერთობლიობა
By

საიუბილეო გამოფენა – დროის, სიყვარულისა და პროფესიონალიზმის ერთობლიობა

 

ბათუმი  ხელოვნებითა და ადამიანობით გამორჩეული პიროვნებების – ქალაქია. მათ შორის, ერთ-ერთი ღირსეული სახე მხატვარი გურამ გუჯაბიძეა, ადამიანი, რომლის შემოქმედება მარტო ფერებით არ არის გადმოცემული. ისინი მრავალფეროვანი ემოციითა და თავშეკავებული სიღრმეებით თითქოს გვეუბნებიან – მოუსმინე სიჩუმეს. . . აქ მე ვარ, ჩემი ზღვა, ჩემი სახლი, ჩემი ბავშვობა, ჩემი ოჯახი, ჩემი პროფესია და ჩემი ცხოვრებაა, ფერებად გადაქცეული ცხოვრება. . .
გურამ გუჯაბიძის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილ პერსონალურ გამოფენას ბათუმის ხელოვნების მუზეუმის გალერეა 18 ივლისის ჩათვლით მასპინძლობს, სადაც დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს არა მხოლოდ დროის ქრონოლოგიით, არამედ ჟანრების მრავალფეროვნებით გადმოცემული ნამუშევრები, გრძნობების ერთგვარი ქრონიკა, რომელიც ფერწერისა და გრაფიკის, რეალიზმისა და სიურრეალიზმის, აკადემიურობისა და შინაგანი თავისუფლების ლაბირინთებში გვეპატიჟება. მისი ყოველი ტილო თითქოს ცალკე ფანჯარაა, საიდანაც სიყვარული და სიკეთე გველაპარაკება.
გურამ გუჯაბიძე არ ხატავს მხოლოდ ობიექტებს, ის ხატავს მეხსიერებას, სურნელს, სინათლეს და ქალაქს, რომელიც შეიყვარა, რომელმაც მიიღო, ასაზრდოვა და გულში ყოველდღიურად იხუტებს.

– ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ დღეს ბატონ გურამს. ეს გამოფენა არ არის მხოლოდ 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა, ეს არის მთელი რეტროსპექტივა, მხატვრის გზის სრული სურათი. გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა დროს შექმნილი 50-მდე ნამუშევარი, მათ შორის, ნატურმორტი, პეიზაჟი, პორტრეტი, სიურრეალისტური კომპოზიციები და გრაფიკული ნახატები. ბატონი გურამი აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მხატვარ-რესტავრატორიც არის, ასევე, მრავალი წიგნის მხატვარი და დიზაინერია. მისი საქმიანობა მრავალმხრივია და იმდენად დახვეწილი, რომ ყოველი ნახატი თითქოს გელაპარაკება, თითქოს ყველა მისი ფიქრი მთელი სიცხადით მოაქვს შენამდე. მისი ხატვის მანერა აკადემიური და ემოციურია, სიღრმიანი და მგრძნობიარე. მოხიბლული ვარ მისი შემოქმედებით. ეს არის მხატვარი, რომელიც გულით ხატავს. მინდა წარმატებები ვუსურვო ბატონ გურამს. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ არაერთი შემოქმედებითი პროცესი და წარმატება ელოდება, – აღნიშნა აჭარის ხელოვნების მუზეუმის მთავარმა კურატორმა ლევან წულუკიძემ.


მამის შემოქმედების შეფასება ვთხოვეთ გურამ გუჯაბიძის შვილს, ბავშვთა ფსიქოლოგ ხატია გუჯაბიძეს. გვითხრა, რომ ურჩევნია ამაზე სხვებმა ისაუბრონ.

– ძალიან რთულია ჩემთვის მამაზე საუბარი, მისი შემოქმედების შეფასების ჭრილში ვერაფერს ვიტყვი, ამას სხვა უკეთ იტყვის, ალბათ. რასაც მინდა ხაზი გავუსვა არის ის, რომ მას შეუძლია იყოს ძლიერი როგორც ფერწერაში, ისე გრაფიკაში და ასე შემდეგ. ანუ მრავალმხრივი ნიჭითაა დაჯილდოებული – მისთვის არ არსებობს სირთულეები. რასაც ვუყურებ, მთელი ამ წლების განმავლობაში, არ არის მიმართულება, რომელშიც გაუჭირდებოდა მუშაობა. სანამ ტილოსთან მივა, ჯერ წარმოსახვაში ხატავს და შემდეგ იქმნება ნახატები.
მისთვის შინაგანი სიმშვიდე და ოჯახური ჰარმონია არის საწინდარი, რომ ხატოს, განსაკუთრებული სიმარტოვე არ სჭირდება. ძალიან უყვარს თავისი სამსახური, ყოველ დილით მიეჩქარება მუზეუმში. მინდა ენთუზიაზმი, რომელიც აქვს, არასდროს დაკარგოს, არაფერი ედარდებოდეს გარდა იმისა, რომ ხატოს, – გვითხრა ხატია გუჯაბიძემ.

– 65 წელი – ეს გარდამტეხი, სერიოზული ასაკია ხელოვანისთვის. ბატონი გურამი გვთავაზობს გამორჩეულ ექსპოზიციას, რომელიც ჟანრობრივადაც და სტილისტურადაც მრავალფეროვანია. აქ შეხვდებით აკადემიურ ტილოებს, იმპრესიონისტურ თუ აბსტრაქტულ კომპოზიციებს, ასევე სიურრეალისტურ ელემენტებსაც. მისი მხატვრობა მეტყველებს ინტელექტზე, ღრმა შინაგან სამყაროზე და უდიდეს პროფესიონალიზმზე. ეს გამოფენა არის ზეიმი – ფერის, გრძნობის და მოწიწების“, – აღნიშნა ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძემ.
გამოფენის გახსნაზე არაერთი ადამიანი მივიდა. დამთვალიერებლები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ გურამ გუჯაბიძე ყოველთვის ახერხებს გამოხატოს ადამიანურობა, სიფაქიზე, ემოციურობა, რომ მისი ხელოვნება ტილოზე არ მთავრდება, ის გადადის წიგნებში, კედლებზე, ადამიანების გულში.


– მინდა გამოფენაზე მოსულ თითოეულ ადამიანს, მათ, ვინც შემდგომ დღეებში ნახავს ჩემს ნახატებს, მადლობა გადავუხადო. მინდა მადლიერება გამოვხატო მუზეუმის ხელმძღვანელის ქალბატონ თეონა ზოიძის, ასევე, მუზეუმის თითოეული თანამშრომლის, გულშემატკივრის მიმართ, რომელთა გარეშეც ეს პერსონალური გამოფენა ვერ შედგებოდა. რაც შეეხება ნამუშევრებს, ყველა მათგანის შექმნა ჯერ ფიქრით იწყება, შემდეგ იღებს ფორმებს. არის პერიოდი, როცა უცებ იქმნება ტილო, არის ისეც, რომ თვეები ფიქრობ. აი, მაგალითად, ჩემი მეორე ნახევრის პორტრეტს 14 წელია ვხატავ და ვფიქრობ, კიდევ დაუმთავრებელია. . . მიმაჩნია, ჩემი მთავარი ფერი მხატვრობაში – სიყვარული, სიკეთე და სიმშვიდეა, რომლითაც აქამდე ვიცხოვრე და მინდა დარჩენილი წლები ვიცხოვრო, – გვითხრა მხატვარმა გურამ გუჯაბიძემ.
ნანა აბულაძე

  • No Comments
  • ივლისი 16, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *