საიუბილეო კონფერენცია
ბათუმის მასწავლებელთა სახლის საკონფერენციო დარბაზში აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის, წულუკიძეების საგვარეულო კავშირის, ა(ა)-იპ „მწიგნობარის“ ინიციატივით, სახალხო განათლების ამაგდარის, გაზეთ „საბჭოთა აჭარის“ ყოფილი რედაქტორის ვახტანგ წულუკიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონფერენცია გაიმართა. მოწვეულნი იყვნენ ვახტანგ წულუკიძის თანამედროვენი, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, მუნიციპალიტეტების პასუხისმგებელი მუშაკები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, იუბილარის ოჯახის წევრები და ახლობლები.
კონფერენცია გახსნა აჭარის განათლების ფონდის დირექტორმა სულიკო თებიძემ. ა(ა)-იპ „მწიგნობარის“ დირექტორმა, ვახტანგ წულუკიძის თანასოფლელმა და ახლობელმა მანანა წულუკიძემ იუბილარის ცხოვრებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა: ვახტანგ წულუკიძემ საინტერესო და შინაარსიანი ცხოვრების გზა განვლო. მარტო ის რად ღირს, რომ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრად მუშაობდა და დიდი წვლილი შეიტანა ახალგაზრდობის აღზრდისა და განათლების საქმეში, იყო მრავალი მეცნიერული ნაშრომისა და წიგნის ავტორი.

ვახტანგ წულუკიძე დაიბადა, 1925 წელს, შუახევის რაიონის სოფელ ტბეთში. 1943 წელს ჩაირიცხა ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაასრულა 1945 წელს. 1945-1949 წლებში მუშაობდა ტბეთის არასრული საშუალო სკოლის დირექტორად და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1949 წელს სწავლა განაგრძო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის მესამე კურსზე, რომელიც დაამთავრა 1951 წელს და დაინიშნა ხულოს რაიონის ღორჯომის საშუალო სკოლის დირექტორად და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1952-1953 წლებში მუშაობდა ჯერ ხულოს ვაჟთა №3 პედაგოგიური სასწავლებლის დირექტორად, ხოლო შემდეგ- შუახევის რაიონის განათლების განყოფილების გამგედ. 1953-1954 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის ხულოს რაიკომის მდივანი, მეორე მდივანი. 1954 წლიდან 1959 წლამდე მუშაობდა შუახევის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ. 1959 წელს მიავლინეს მოსკოვში სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ უმაღლეს პარტიულ სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1961 წელს. 1961 წლიდან 1985 წლის ბოლომდე მუშაობდა აჭარის განათლების მინისტრად. 1985-1991 წლებში იყო გაზეთ „საბჭოთა აჭარის“ მთავარი რედაქტორი. პენსიაზე გასვლის შემდეგ, ეწეოდა მეთოდურ მუშაობას, დაკავებული იყო ნაშრომების შექმნითა და გამოცემით, რომელიც ხანგრძლივი მუშაობის პერიოდში შეიძინა.
ოთხი წიგნის ავტორი იყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წიგნი „განათლების ისტორიისათვის აჭარაში“ ვახტანგ წულუკიძის ნაშრომებში გაშუქებულია აჭარაში განათლების დარგის ისტორია უძველესი დროიდან მე-20 საუკუნის დასასრულამდე, სწავლებისა და აღზრდის, ეროვნული სკოლის მშენებლობის აქტუალური საკითხები.
მინისტრად მუშაობის პერიოდში, განათლების სამინისტროს და პირადად მინისტრის მთავარი საზრუნავი იყო სწავლების ხარისხის ამაღლება, მოსწავლეთა ზნეობრივი აღზრდა, პედაგოგიური კადრების ხარისხობრივი შემადგენლობის გაუმჯობესება, სკოლების მშენებლობა, კაბინეტ-ლაბორატორიების მოწყობა, მასწავლებელთა უწყვეტი დახელოვნებისათვის ზრუნვა და ა. შ. ამ წლებში აჭარაში აშენდა 160-მდე რვაწლიანი და საშუალო სკოლის კაპიტალური შენობა, 100-ზე მეტი საბავშვო ბაღი, სკოლა-ინტერნატები, სპორტული სკოლები, მასწავლებელთა საცხოვრებელი სახლები.
აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დიდხანს იყო საზოგადოება „ცოდნის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე საზოგადოებრივ საწყისებზე. რვაგზის არჩეული იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, ხულოსა და შუახევის რაიონული საბჭოების დეპუტატად, 5-ჯერ საკავშირო და საქართველოს მასწავლებელთა ყრილობების, 3-ჯერ საქართველოს კომპარტიის ყრილობის დელეგატად, პარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის წევრად. მომხსენებელი იყო აჭარის მასწავლებელთა პირველ, მეორე და მესამე ყრილობებზე. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება, დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორი, ხალხთა მეგობრობის ორდენებით, 6 მედლით, აჭარის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით, „სახალხო განათლების წარჩინებულის“ საკავშირო და საქართველოს სამკერდე ნიშნებით. იგი მრავალ დელეგაციაში შედიოდა, რომლებიც გაეცნენ ევროპის ქვეყნების განათლების დარგს.
იუბილართან ურთიერთობის, მისი, როგორც ხელმძღვანელის, დამსახურებაზე ისაუბრეს გაზეთ „აჭარის“ ჟურნალისტმა ოთარ ცინარიძემ, აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა დავით თედორაძემ, პოეტებმა ვახტანგ ღლონტმა, თამარ ხოზრევანიძემ, შუახევის რაიონის სოფელ ტბეთის საჯარო სკოლის დირექტორმა ბესიკ დავითაძემ, ემერიტუსმა პროფესორმა სერგო დუმბაძემ, დაბა მახინჯაურის მკვიდრმა ზურაბ ბერიძემ და სხვებმა.
დამსწრე საზოგადოებას, საიუბილეო კონფერენციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა ვახტანგ წულუკიძის შვილმა თემურ წულუკიძემ.