საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები წარადგინა.
დავით გაბაიძის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილების აუცილებლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციამ განაპირობა. რეფორმის შედეგად, უწყება ორ დამოუკიდებელ სამინისტროდ გაიყო: განათლებისა და სპორტის, აგრეთვე, კულტურის სამინისტროებად.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ხორციელდება შესაბამისი ტერმინოლოგიური კორექტირება. კერძოდ, ფორმულირება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რესურსცენტრი“ იცვლება დასახელებით – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს რესურსცენტრი“. ამასთანავე, სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაქვემდებარების ნაწილში, უწყება კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის.
სხდომას ასევე, ესწრებოდა საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მინდია დიასამიძე.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ცვლილებებს. სხდომის ფარგლებში, ასევე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 49-ე მუხლის საფუძველზე, დეპუტატებმა საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საკითხი განიხილეს და კენჭისყრით დაამტკიცეს საბჭოს დებულება და პერსონალური შემადგენლობა.