საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება კერძო სკოლებშიც აიკრძალება
საჯარო სკოლების მსგავსად, საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება კერძო სკოლებშიც აიკრძალება. შეზღუდვა შეეხება მობილურ ტელეფონებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებს.
ინიციატივა განათლების კომიტეტზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რიმა ბერაძემ დააყენა. საკითხის განხილვისას განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ დაგეგმილი რეგულაცია კერძო სკოლების სეგმენტზეც გავრცელდება.
განათლების მინისტრის მოადგილის თამარ მახარაშვილის განცხადებით, საუბარია არა მხოლოდ მობილურ ტელეფონებზე, არამედ სხვა საკომუნიკაციო მოწყობილობებზეც.
„დიახ, რა თქმა უნდა, კერძო სკოლების სეგმენტშიც უნდა იყოს. საკომუნიკაციო საშუალებებზე ვსაუბრობთ. აქ საუბარი არაა მხოლოდ მობილურ ტელეფონზე – ეს შეიძლება იყოს პლანშეტი, საათი და სხვა მსგავსი მოწყობილობები“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.