„საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელ ინსტიტუტად არ განვიხილავ“
By

„საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელ ინსტიტუტად არ განვიხილავ“

რამ განაპირობა მმართველი პარტიის და ოპოზიციის დაპირისპირება? დააკმაყოფილებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო მმართველი პარტიის სარჩელს პარტიების გაუქმების თობაზე? რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია მძლავრი ცენტრის შექმნას? რა სტადიაშია ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობა? ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე ამჯერად „ლელო – ძლიერი საქართველო“ აჭარის ორგანიზაციის ერთ – ერთი ლიდერი და ბათუმის საკრებულოს წევრი ვაჟა დარჩია გვიპასუხებს.
თავდაპირველად საქართველოს შიდა პოლიტიკაზე ვისაუბროთ, რა თავისებურებებით ხასიათდება ბოლოდროინდელი მოვლენები?
– სამწუხაროდ, ერთი და იგივე თავისებურებები იჩენს თავს, გადავდივართ რაღაც ახალ ეტაპზე, შემდეგ კი უკან მივდივართ, ამჯერად – ავტორიტარიზმიდან დიქტატურისკენ. თუ დიქტატურის და ავტორიტარიზმის კლასიკურ განმარტებას მოვიშველიებთ, სწორედ ეს ნიშნები გვაქვს დღეს ჩვენს ქვეყანაში, თუმცა იმედი არ გამქრალა. რაც შეეხება ბოლოდროინდელ მოვლენებს, ვგულისხმობ ავტორიტეტული მედია ჰოლდინგის „ბიბისის“ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო ფილმს რომელიც (როცა კეზერაშვილს ეხებოდა ძალიან ავთენთური იყო მმართველი პარტიისთვის), საუბრობს იმაზე, რომ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ დიდი ალბათობით პოლიციამ ქიმიური იარაღი გამოიყენა.
საქართველოს პრემიერმინისტრმა კობახიძემ განაცხადა, რომ ბი ბი სისფილმი ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ არის დეზინფორმაცია და მის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს
– პრემიერ-მინისტრმა კი განაცხადა, რომ უჩივლებს ,,ბი ბი სის“, მაგრამ შესაბამისი ნაბიჯი არ ჩანს. სუსმა გააკეთა განცხადება, რომ ამ მხრივ გამოძიება დაასრულა, თუმცა ამ გამოძიებისადმი ნდობა ნულოვანია, ეს უწყება პარტიულ დავალებებს იღებს, ამიტომ მისი გამოძიების არავის სჯერა, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ იმ დროს და თავიანთ თავზე გამოსცადეს ის უბედურება. მათ შორის ვარ მეც. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული, დანაშაულს სჭირდება საერთაშორისო გამოძიება და ცხადია, არავინ ენდობა მდინარაძის უწყებას.
ბი ბი სის ზემოაღნიშნულმა ფილმა რამდენად დააზარალა ქართული სახელმწიფო და ხელისუფლება?
 – დაზარალდა არა მხოლოდ მმართველი პარტია, არამედ ჩვენი ქვეყანაც, მისი უსაფრთხოების სტანდარტი. ხელისუფლების წევრები კი ამბობენ, რომ უჩივლებენ „ბი ბი სის“, მაგრამ ამ ნაბიჯს არ დგამენ, იმიტომ, რომ კომპეტენცია არ ჰყოფნით ბრიტანელ ტელეკომპანიასთან დასაპირისპირებლად. როგორც აღვნიშნე, დაზარალდა პირველ რიგში ჩვენი ქვეყანა, ასევე ათიათასობით მოქალაქე და კაცმა არ იცის, საბოლოოდ რა დაავადებების გამომწვევი იქნება ნივთიერება, რომელიც აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენეს.
 – სხვათა შორის, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შესაძლოა მმართველმა პარტიამ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს, რას ფიქრობთ?
 – ამ სცენარს გამოვრიცხავ, გააკეთეს რაღაც საარჩევნო კუთხით ცვლილება, თუმცა ეს შეიძლება ჩავთვალოთ მზადებად 2028 წლის არჩევნებისთვის. მმართველი პარტია ცდილობს, ქვეყანაში მოკლას პოლიტიკა, ცხადია, არჩევნების დანიშვნა პოლიტიკურ პროცესს გააცოცხლებს. არ მგონია, ეს იყოს მმართველი გუნდის ინტერესი, თუმცა თუ იქამდე მივა „ქართული ოცნება“, რომ არჩევნებს დანიშნავას, დიდი შანსია, ეს რეფერენდუმთან ერთად ჩატარდეს, ამ მხრივ მმართველი გუნდის სატელიტი პარტია (ხალხის ძალა) აქტიურად საუბრობს ნეიტრალიტეტზე, სურს ევროკავშირთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდეს. ხელისუფლებისთვის პრობლემურია 78-ე მუხლი, მას სურს, კონსტიტუციიდან ამოიღოს ეს მუხლი, სადაც გაწერილია ჩვენი ევროატლანტიკური გეზი…
მიუხედავად იმისა, რომ თქვენმა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მმართველმა პარტიამ გასაუქმებელ პარტიათა ნუსხაში „ლელოც“ დაასახელა, რა არის ამის მიზეზი?
– ამის მიზეზი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად განიხილავს ,,ლელო – ძლიერ საქართველოს“. ვნახეთ, რომ ფაქტობრივად არც ლეგიტიმაციის საკითხი დამდგარა „ქართული ოცნებისთვის“, ვგულისხმობ საერთაშორისო ლეგიტიმაციას. დიახ, ჩვენც მოვხვდით ასაკრძალ პარტიათა სიაში, თუ აქამდე მივა პროცესი, შესაძლებლობა გვექნება, რომ ფორმალურად წინააღმდეგობა გავუწიოთ რეჟიმს. იქნება ეს საკრებულო, ქუჩა და ა.შ…. მოკლედ, ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ ამ მიმართებით.
თქვენი აზრით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით?
– საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელ ინსტიტუტად არ განვიხილავ, ის არის „ქართული ოცნების“ და სასამართლო კლანის გაგრძელება. სხვათა შორის, ამ მხრივ ჩვენ სარჩელი გვაქვს მომზადებული, კერძოდ, რამდენად არაკონსტიტუციური პროცესია პარტიების აკრძალვა, რომლებსაც ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი ჰყავთ ქვეყანაში, სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენს სარჩელში. არ გვაქვს იმედი, რომ მანანა კობახიძე და მერაბ ტურავა გამოიტანენ დემოკრატიულ გადაწყვეტილებას.
თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თქვენი პარტია აკრძალა, პოლიტიკურ საქმიანობის გაგრძელებას როგორ აპირებთ?
– არის მოლოდინი, რომ ჩვენს პარტიასაც აკრძალავენ, სამართლებრივად ბევრი გზა შეიძლება ვიპოვოთ, მათ შორისაა ახალი პარტიის შექმნა. ჩვენ ამ ბრძოლაში ვრჩებით და ვაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ ეს რუსული რეჟიმი შეიცვლება.
ოპოზიცია რომ ურთიერთდაპირისპირებულია, არახალი ამბავია, მაგალითად, ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ლელომუღალატა ოპოზიციურ სპექტრს, თქვენი აზრი ამის შესახებ
– „ლელომ“ უღალატა პროცესს, გახდა „ქოცი“, მაგრამ მაინც უნდა რომ აკრძალონ, რაც, ცხადია, აბსურდია. ჩვენი საარჩევნო კამპანია იყო ძალიან მძიმე, გვიწევდა ორ ფრონტზე ბრძოლა, ვიყავით „ქართული ოცნების“ ოპონენტები, და, ასევე, ოპოზიციის ოპონენტებიც, ასეთი სურათი შექმნეს. არადა, ოპოზიციის ოპოზიცია არ არის „ლელო“, ჩვენ ყველა გზა ვცადეთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში დაგვერწმუნებინა ოპონენტები, მაგრამ პროცესები სხვანაირად განვითარდა. ჩვენი მთავარი ფოკუსი არის მმართველი პარტია და ვინც თვლის, რომ ამ ქვეყნის ნომერ პირველი მტერი, პრობლემა არის „ქართული ოცნება“ და მისი მმართველობა, ჩვენ ყველასთან ვაპირებთ კომუნიკაციას. თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს, ცხადია, ვერ შევუცვლით, თუმცა მცდელობა გვექნება.
ოპოზიციას ერთიანი ძალით რომ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, რა შედეგი დადგებოდა?
– თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას სრულად რომ მიეღო მონაწილეობა, ბევრ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცენტრს მოიგებდა , მათ შორის მოიგებდა თბილისს, დედაქალაქში მმართველ პარტიას 20-პროცენტიანი მხარდაჭერა ჰქონდა, ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რაც კი აქამდე მიუღია. ჩვენ ვამბობდით, რომ კვლევაში ეს რიცხვი ამ ფორმით იყო გამოკვეთილი, თუმცა ვერ შევძელით ოპოზიციური ამომრჩევლის დარწმუნება ამ პროცესის სისწორეში.
4 ოქტომბრის დაანონსებულმა რევოლუციამ რა ბენეფიტები მოუტანა მმართველ პარტიას ოპოზიციის საწინააღმდეგოდ?
 – ძალიან ცუდად იმოქმედა 4 ოქტომბრის დაანონსებულმა რევოლუციამ. მაშინ როცა ქვეყანაში საარჩევნო პროცესი მიდიოდა (მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა საარჩევნო პროცესი), არ იყო საჭირო საუბრები რევოლუციაზე. არჩევნები და რევოლუცია ერთმანეთის ანტონიმებია. სამწუხაროდ, ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რაზეც ვსაუბრობდით ანუ 4 ოქტომბრის რევოლუციური გზა არ იყო ის გზა, რომელიც შედეგს მოიტანდა. უნდა მივეჩვიოთ, რომ პროცესი არის გრძელვადიანი. თუ იქნება ნიშნები იმისა, რომ ოთხ საათში „ქართული ოცნება“ შეიცვლება რაიმე ფორმით, ამ ბრძოლის ავანგარდში იქნება „ლელო – ძლიერი საქართველო“.
 – ამჟამად ოპოზიცია ქმნის თუ ვერა დღის წესრიგს ქვეყანაში?
 – „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური პროცესი მოკლა. მმართველ პარტიას სურს მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოს გზით, შესაბამისად მმართველი გუნდის მიზანია, პოლიტიკური პროცესი არ არსებობდეს, თუმცა ჩვენ ამ ეტაპზე მაინც ვახერხებთ მოქალაქეებთან საუბარს მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ფასების ზრდაზე, ასევე იმაზეც, რომ ორი არაბული ანკლავი შენდება ამ ქვეყანაში. ასეთ თემებზე ვცდილობთ კავშირი გვქონდეს მოსახლეობასთან, დავანახოთ პრობლემები და გადაჭრის გზები. იგივეს მოვუწოდებთ ოპოზიციონერ კოლეგებს, ჩვენ უნდა ვესაუბროთ მოსახლეობას, თუ რა პროცესებია დამახასიათებელი მმართველი გუნდისთვის. სანამ გვექნება შესაძლებლობა, ფორმალური წინააღმდეგობა გავუწიოთ მმართველ პარტიას, მაგრამ თუ შესაძლებლობა არ გვექნება, სხვა სამართლებრივ გზას გამოვნახავთ, რათა დავრჩეთ ამ რეჟიმში ანუ ველაპარაკოთ მოსახლეობას. მაგალითად, ავუხსნათ, რომ არაბული ქალაქების მშენებლობა რეალურად არის კორუფციული სქემა და ანტიქართული პროექტი.
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიცია დესტრუქციული ძალაა და რეალურად, ეწინააღმდეგება ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლას
– არ არსებობს ერთი კონკრეტული მაჩვენებელი იმისა, თუ რატომ არის ეს პროექტი ინვესტიცია, ჩვენ არ ვიცით დეტალები, არ ვიცით რა ხელშეკრულებაზეა საუბარი. „ქართული ოცნება“, გვეუბნება, რომ 7-მილიარდიანი ინვესტიცია შემოვა ქვეყანაში, რაშიც საფუძველიანად გვეპარება ეჭვი. პრემიერ-მინისტრი დაკავებულია ამ არაბული კომპანიის რეკლამირებით, მოსახლეობამაც არაფერი იცის ხელშეკრულებაზე, ხელისუფლებამ დაგვარწმუნოს, რომ სწორია და შემდეგ ვისაუბროთ, რომ ეს არის ინვესტიცია.
საგარეო საკითხსაც შევეხოთ: ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობ უარესდება. მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით?
 – „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელმაც ფორმალურადაც კი ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობები გააუარესა. გაგახსენებთ პრემიერ-მინისტრ კობახიძის (გასული წლის 28 ნოემბრის) განცხადებას. არადა, ევროკავშირის ამოცანა იყო, ღია კარის პოლიტიკაში ჩვენც მოვყოლილიყავით ანუ ჩვენთვის ევროკავშირის კარი არ ჩაკეტილიყო, თუმცა ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანამ „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი იქნება დახურული.
დაბოლოს, რუსეთუკრაინის ომის შედეგი რამდენად განსაზღვრვს საქართველოს ბედს?
 – საქართველო პირდაპირ დამოკიდებულია რუსეთ-უკრაინის ომის შედეგზე, ძალიან რთულია საერთაშორისო ველი ამ მხრივ, მით უფრო კავკასიაში, თუმცა ვხედავთ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა იპოვეს გზები, დასავლეთთან დასაახლოებლად, არადა, გეოგრაფიულად, ისტორიულად ჩვენ ვიყავით ლიდერი ამ თვალსაზრისით. ყველაფერი მიდიოდა იქითკენ, რომ (საშინაო დავალების შესრულება ჩვენი მხრიდან) ევროკავშირის წევრი გავხდებოდით. რუსეთ-უკრაინის ომი არ არის სტატიკური მდგომარეობა, ეს არის ფოსმაჟორი, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თუ როგორ გამოვიყენებდით ამ რეალობას. მიუხედავად იმისა, რომ ომი დიდი ტრაგედიაა, ეს შესაძლებლობის ფანჯარა იყო საქართველოსთვის, თუნდაც გეოგრაფიული მდებარეობით, ანუ ანაკლიის პორტის მნიშვნელობიდან გამომდინარე. ამ ყველაფერზე უნდა გვესაუბრა და გამოგვეყენებინა ეს შესაძლებლობა, თუმცა გავუშვით ხელიდან. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ამ ომში, რიგ მომენტებში, რუსეთის პოზიცია დაიჭირა, რაც საერთაშორისო პარტნიორებმა კარგად იციან და ამაში დარწმუნდნენ თუნდაც ხელისუფლების მიერ მიღებული კანონებით. იმედი მაქვს, ეს ომი მალე დასრულდება და დასრულდება ისე, როგორც ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები და უკრაინა ისურვებდა. რაც მთავარია, ჩვენ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება და შემდეგ დავუბრუნდეთ იმ გზას, რომელიც ფორმალურად 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ გააჩერა.

ლაშა ხომერიკი

  • No Comments
  • დეკემბერი 15, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *