საკრებულომ ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
By

საკრებულომ ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 19 დეკემბრის მორიგ სხდომაზე დამტკიცებული დადგენილებით, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საერთო მოცულობა 570 მლნ ლარს შეადგენს.

მომავალი წლის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, მოსახლეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხები, განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობის ხელშეწყობა, ეკონომიკის განვითარება და დასაქმება, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, მწვანე და სუფთა გარემოზე ზრუნვა, ეკოლოგიური პროექტებისა და მწვანე სივრცეების გაფართოება.

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას და ჩვენი „მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას, მათ შორის, გზების, ეზოების, სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობას, სანიაღვრე და კომუნალური სისტემების განვითარებას, სატრანსპორტო სისტემისა და სერვისის განვითარებას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერას, ბინათმშენებლობას, ავარიული შენობების რეაბილიტაციას და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ბიუჯეტის საერთო მოცულობის 52 პროცენტი მოხმარდება. რაც შეეხება ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებას, ამ მხრივ, ბიუჯეტი ქალაქის თითოეული მცხოვრების საჭიროებებზეა მორგებული და ბიუჯეტიდან ამ სფეროზე გამოყოფილი 35 მილიონამდე ლარი აისახება თითოეულ სეგმენტზე პროგრამული ბიუჯეტის შესაბამისად. განსაკუთრებით, გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების, ხანდაზმულების, შშმ პირებისა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და მათზე ზრუნვა. მომავალი წლის ბიუჯეტიდან დაფინანსებული თითოეული პროგრამა მოემსახურება ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, საზოგადოების ცალკეული კატეგორიების სოციალური პირობების გაუმჯობესებას და დაავადებათა გავრცელების რისკფაქტორების შემცირებას.

2026 წელს პრიორიტეტული სფეროა განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობის ხელშეწყობა.

განათლების მიმართულებით, სკოლამდელი აღზრდის გაუმჯობესება, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, შენობების კეთილმოწყობა, პროფესიული განვითარებისა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა ბიუჯეტიდან 65 მილიონზე მეტი ლარით დაფინანსდება, ხოლო კულტურის მიმართულება, სპორტული და საგანმანათლებლო სივრცეების განვითარება, ახალგაზრდული პროგრამების მხარდაჭერა – 37 მილიონზე მეტი ლარით.

მომავალი წლის ბიუჯეტის რესურსები ოპტიმალურადაა გადანაწილებული სხვადასხვა პრიორიტეტულ სფეროზე, რაც საბოლოო ჯამში, გააუმჯობესებს ბათუმის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას“. – აღნიშნულია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *