სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ოპოზიციიდან და უმრავლესობიდან პასუხობენ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებამ პოლიტიკური პოლემიკა გამოიწვია. სოციალურ ქსელში მოქალაქეების კითხვებზე პასუხისას, ზურაბიშვილმა ის ოპოზიციური პარტიები გააკრიტიკა, რომლებიც, მისი თქმით, ერთგვარად „ოცნების“ გზავნილებს იმეორებენ.
ზურაბიშვილის შეფასებით, ოპოზიციაში ერთობის მიღწევა შესაძლებელია, თუმცა გარკვეული პარტიები ამ პროცესს ხელს უშლიან.
მისი თქმით, „არიან პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან „ოცნების“ გზავნილებს იმეორებენ. ესენი არიან მოღალატეები და მათთან ერთად ძალიან ძნელია ეს ერთობა, მაგრამ მაინც მივაღწევთ“.
ყოფილი პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ ოპოზიციამ ბრძოლა უნდა გააგრძელოს და არჩევნებში გამარჯვებისთვის მეტი ერთობა აჩვენოს.
„ჩვენ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ ერთობა და მოვიგოთ არჩევნები. თუ ერთმანეთის ჩაძირვას არ დავიწყებთ“, – აღნიშნა მან.
ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე, რომელმაც თქვა, რომ სწორედ ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილებები შეიძლება ჩაითვალოს ღალატად.
მისი თქმით, „ღალატია, როდესაც ხალხს 64-ივე მუნიციპალიტეტში წარმომადგენლის გარეშე ტოვებ და ბრძოლის ველს გაეცლები“. შარაშიძის განცხადებით, პარლამენტში ყოფნა სწორედ პოლიტიკური პროცესის ნაწილია და მათი პარტია ყოველდღიურად აკრიტიკებს ხელისუფლებას.
„ფაქტობრივად, მთელი ოპოზიციის გასაკეთებელს 12 ადამიანი ვაკეთებთ. ვინ არის მოღალატე, ამას ისტორია შეაფასებს“, – განაცხადა მან.
პოლემიკაში ჩაერთო მმართველ გუნდთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელიც. „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ურთიერთბრალდებები ოპოზიციის შიდა პრობლემაა.
მისი თქმით: „ვინ ვის უწოდებს მოღალატეს, ჯამში ზურაბიშვილიც და გახარიაც ასეთია“. მაჭარაშვილის შეფასებით, საზოგადოებამ უკვე ნახა ყოფილი პრეზიდენტისა და სხვა ოპოზიციონერი ლიდერების ნაბიჯები და ეს თავად ოპოზიციის პასუხისმგებლობაა.
გალერეა

