19 C ბათუმი
Sunday 20th July 2025
სალომე ზურაბიშვილი – წინააღმდეგობის პლატფორმის ჩამოყალიბებაზე
By

სალომე ზურაბიშვილი – წინააღმდეგობის პლატფორმის ჩამოყალიბებაზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, „არ არსებობს არჩევნები, არსებობს მხოლოდ არჩევნების თემა“ და აღნიშნა, ვისაც სჯერა რომ ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება, ეს არის „დიდი მითი“. სალომე ზურაბიშვილის აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული თემით გააკეთა ის, რომ დააპირისპირა ოპოზიცია.

„ჩვენ ვართ რაღაცა აბსურდულ თეატრში. ყველა თამაშობს თავის როლს იმ დონეზე, რომ მიდის ლანძღვა, გინება, ბულინგი. რეალურად, დარწმუნებული ვარ, რომ არ ჩატარდება ეს არჩევნები, ბოლომდე არ მიიყვანს ეს ხელისუფლება არჩევნების მითს, მაგრამ მანამდე კი გაიხლიჩა ოპოზიცია, დასუსტდა პროტესტი. ჩვენი ერთადერთი ძალაა ერთობა. მეორე მხრივ, ბოიკოტის კამპანიაც არის აბსურდი. არ არსებობს მაგალითი ბოიკოტის, რომელიც გამოცხადებულ იქნა, როგორც რამე გამარჯვება. ცხადია, დღევანდელ პირობებში როგორც გაყალბდება არჩევნები, თუ ვინმემ მიიღო მონაწილეობა, ასევე გააყალბებენ ბოიკოტს, კიდევ უფრო ადვილად, რადგან შიშის, ფულის, მუქარის პირობებში შეიძლება წაიყვანო ადამიანები არჩევნებამდე და დათვლადი თუ იქნეს ეს ბოიკოტი, შეუძლია რეჟიმს, ეს გაასაღოს, როგორც მისი გამარჯვება. დიქტატორულ რეჟიმებში ასე მთავრდება ბოიკოტი. მინდა, წარმოგიდგინოთ რეალისტური გეგმა, რომელიც მოითხოვს, მოვიდეთ გონს. ჩვენი თემა არის, როგორ გავაძლიეროთ პროტესტი, რომელმაც მოგვიყვანა ყველა ამ დღემდე. ეს მოითხოვს, პირველ რიგში, რომ გაძლიერდეს და გაცოცხლდეს წინააღმდეგობის პლატფორმა. ამაში უნდა შემოვიყვანოთ ყველა ის ფორმატი და ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა კუთხით იკრიბებიან, აქვთ მოსაზრებები. ამ პლატფორმამ უნდა ჩამოაყალიბოს გარდამავალი მთავრობა, რადგან არავის უყვარს ვაკუუმი. ჩვენი საზოგადოების წუხილი იქიდანაც მომდინარეობს, რომ ვერ ხედავენ, ესენი თუ არა, აბა. ვინ? ეს არის მუდმივი კითხვა. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამ კითხვაზე გავცეთ პასუხი, დავანახოთ საზოგადოებას, ასევე უცხოელ საზოგადოებას, ვინ იქნება ხვალ, როცა ეს დაწყებული ჩამოშლის პროცესი დასრულდება რეჟიმის დასრულებით. ჩვენი გადასაწყვეტია, ესენი არიან ნაკლებად პოლიტიკოსები და მეტად ტექნიკური პროფესიონალები, ეს არის მართლაც აუცილებლობა, რათა გავიდეთ ფონს. მესამე, რაც გვჭირდება, ეს არის სამოქმედო გეგმა, პროგრამა, ეს არის „ქართული ქარტია“, რომელსაც სჭირდება განახლება. მისი მიღების შემდეგ, რაღაცები შეიცვალა, თუმცა არსებითი ნაწილები არ შეცვლილა. ასევე, უკვე გვაქვს დოკუმენტი, რომელიც ასახავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა იყოს მიღწეული ახალი, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რაც მოჰყვება ასევე, ამ რეჟიმის ჩამოშლას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის განცხადებას „კომიკურ მდგომარეობაში“ მყოფი ადამიანის განცხადება უწოდა.

„სამწუხაროდ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ძალიან კომიკურ მდგომარეობაშია, ამ ბოლო დროს ალოგიკურ განცხადებებს აკეთებს. მესიჯებიც, სავარაუდოდ, გვიან მისდის და იძულებულია, თავად მოიფიქროს, შავ დღეშია. ერთი ჩვეულებრივი „ნაცია“ და „ნაცურ“ განცხადებებს აკეთებს“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

  • No Comments
  • ივლისი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *