სალონური საღამო – აჭარის მწერალთა სახლში
აჭარის მწერალთა სახლში პროექტის „სტუმრად ვახტანგ ღლონტთან“ ფარგლებში, სალონური საღამო გაიმართა, რომლის სტუმარი ცნობილი ქართველი მწერალი ელგუჯა თავბერიძე გახლდათ. იგი 30-ზე მეტი წიგნის ავტორია, მათ შორის, ბიოგრაფიული და დოკუმენტური რომანების, სადაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მეცხრამეტე საუკუნის ქუთაისს და იმ ეპოქის ადამიანებს. მისი ტექსტები გამოირჩევა ისტორიული სიზუსტით, ღრმა ეროვნულობითა და ეპოქის ცოცხალი სუნთქვით. მწერალი არაერთი ლიტერატურული პრემიის, მათ შორის, „საბას“ და „საგურამოს“ ლაურეატია.
საღამო ინსპირაციულ და ემოციურ დიალოგად იქცა. სტუმარმა მსმენელთან გულწრფელად ისაუბრა თავისი შემოქმედების მთავარ ხაზებზე, სადაც პროზა და დოკუმენტური თხზულება ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს. გაგვიმხილა, რომ მკითხველს მალე ახალ ბიოგრაფიულ რომანსა და ავტობიოგრაფიული ნოველების კრებულს წარუდგენს.

– მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ვახტანგ ღლონტს და აჭარის მწერალთა სახლს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ისევ ჩემს საყვარელ ქალაქ ბათუმში ვსაუბრობ ძვირფას მეგობრებთან და მკითხველთან. ბატონი ვახტანგი გამორჩეული პოეტი და ქართული კულტურის ნამდვილი გურმანია. ყოველთვის საინტერესოა მასთან საუბარი. მას აქვს გამორჩეული გრძნობა სიტყვისა და სტრიქონისადმი და არასდროს ცდება არც საკუთარი და არც სხვისი შემოქმედების შეფასებაში,.
ჩემი ლიტერატურული გზა ლიტერატურული წერილებით და კრიტიკით დაიწყო და დოკუმენტური პროზით გაგრძელდა. დღემდე 15 ბიოგრაფიული რომანი მაქვს დაწერილი. წელს გამოვა კიდევ ერთი, ხოლო მომავალ წელს – ავტობიოგრაფიული ნოველების კრებული.
დოკუმენტური პროზის დიდი ნაწილი ქუთაისს და იმ ეპოქის ადამიანებს ეძღვნება, რომლებიც განსაკუთრებულად მიყვარს – კირილე ლორთქიფანიძე, მამია გურიელი, გიორგი შერვაშიძე და სხვები. შეუძლებელი იქნებოდა ევროპული ცნობიერება და კულტურული აფეთქება, რომ არა მეცხრამეტე საუკუნის ამ ადამიანთა ღვაწლი. ჩემი მიზანია, ეპოქის სული გადავიტანო დღევანდელობაში, ისე, რომ მკითხველმა იგრძნოს ის ენერგია და ეროვნული გრძნობა, რაც მაშინ არსებობდა. მინდა თანამედროვე თაობამაც ისწავლოს მტრისა და მოყვრის გარჩევა ისე, როგორც იცოდნენ მაშინ.
მე ვარ ქართველი, რომელიც ფიქრობს უკეთეს საქართველოზე, უკეთეს ქუთაისზე, უკეთეს ბათუმზე, მთლიანად, ქვეყნის პროგრესზე, – გვითხრა ელგუჯა თავბერიძემ.

– საღამოს ბათუმელი მწერლები და პოეტები ესწრებოდნენ, რომლებმაც განსაკუთრებული სითბოთი აღნიშნეს ელგუჯა თავბერიძის შემოქმედების მნიშვნელობა და მისი უნარი, აცოცხლოს ეპოქა და ახალი შუქი შესძინოს ისტორიას.
„ელგუჯა თავბერიძე სერიოზული, პროდუქტიული მწერალია, რომელმაც ისტორიულ ქრონიკას ახალი სუნთქვა მისცა. ქუთაისი და საქართველო მის ტექსტებში ცოცხლდება არა მხოლოდ ისტორიად, არამედ განცდად – ადამიანური სულის ეპოქად. მისი ნაწერები გვახსენებს, რომ წარსული მხოლოდ მტვერი არ არის, ის ფესვებია, რომლის გარეშე ვერ აშენდება მომავალი, – აღნიშნა პოეტმა ვახტანგ ღლონტმა.

– ჩვენი სტუმარი ქუთაისელი მწერალია, რომელსაც კარგად იცნობენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ელგუჯა თავბერიძე არის პროზაიკოსი, რომელმაც შეძლო ქრონიკის ფორმატში ჩაედო მთელი ერის ბიოგრაფია. ვინც ერთხელ წაიკითხავს მის ტექსტს, ვერ მოსწყდება, ვერ გამოვა იმ სამყაროდან. მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ელგუჯას არა მხოლოდ ნაშრომებისთვის, არამედ ადამიანობისთვის, სითბოსთვის და გამორჩეული მეგობრობისთვის, რაც დღევანდელ სამყაროში ასე იშვიათია, – თქვა მწერალმა დავით თედორაძემ.

საღამო თბილ და ემოციურ ატმოსფეროში დასრულდა. საუბრები, კითხვები და გულწრფელი ინტერესი კიდევ ერთხელ მოწმობდა, რომ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ელგუჯა თავბერიძე ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული და გამორჩეული ფიგურაა, მწერალი, რომელიც დროის ხმას სიტყვად აქცევს და ისტორიას, როგორც ცოცხალ ორგანიზმს, ისე წარმოაჩენს.
ნანა აბულაძე