
სამი მოცეკვავე იტალიაში, ფესტივალის ვორქშოპში მიიღებს მონაწილეობას
ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლის მოსწავლეები – ანა ბზეკალავა, მარიამ ქათამაძე და თამუნა ბახტურიძე 23-26 ივლისს, იტალიის ქალაქ მანტოვაში, ფესტივალის „Festival Della Danza – Palazzo Te“ ფარგლებში, პროფესიულ ვორქშოპში მიიღებენ მონაწილეობას.
ვორქშოპში, რომელიც ისტორიულ მუზეუმში „Palazzo Te“ იმართება, სხვადასხვა ქვეყნის ნიჭიერი ახალგაზრდები მონაწილეობენ.
სასწავლო პროგრამა როგორც თეორიულ, ასევე, მრავალფეროვან პრაქტიკულ სწავლებას ითვალისწინებს. მონაწილეებს ბალანჩინის ტექნიკის გაკვეთილებს ჩაუტარებს მაიამის ბალეტის პრიმა ბალერონი რაინერ კრენშტეტერი.
ოთხდღიანი ინტენსიური სწავლების შემდეგ, ფესტივალის მონაწილეები მსოფლიოს წამყვან მოცეკვავეებთან ერთად, შესწავლილი ტექნიკის გამოყენებით შექმნილ ქორეოგრაფიულ ნომრებს წარმოადგენენ. ფესტივალი გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება.
ბათუმის კლასიკური ბალეტის სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო ფესტივალში აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და მხარდაჭერით მონაწილეობენ.