სამი ტური – სამი მოგება
ესპანეთის ქალაქ ლინარესში გრძელდება 2025 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის. წარმატებით ასპარეზობს საქართველოს მოჭადრაკეთა გუნდი ნინო ბაციაშვილის, ლელა ჯავახიშვილის, ბელა ხოტენაშვილისა და მერი არაბიძის შემადგენლობით. გუშინ, მესამე ტურში, ჩვენმა გოგონებმა უკრაინის გუნდი, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, ანგარიშით – 2,5:1,5 დაამარცხეს.

ამ ტურში გამარჯვების ქულა ნინო ბაციაშვილმა მოიპოვა, რომელმაც ანა უშენინას სძლია. მანამდე საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში უზბეკეთის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 3,5:0,5, მეორე ტურში კი ინდოეთის ნაკრები – ანგარიშით 2,5:1,5. მეოთხე ტურში საქართველოს გუნდი მოქმედ ჩემპიონს ჩინეთის უძლიერეს ნაკრებს შეხვდება. ტურნირზე ანასტასია კირთაძესა და კესარია მგელაძეს, რომლებიც სათადარიგო შემადგენლობაში არიან, ჯერ არ უთამაშიათ.
მანანა ძიძიშვილი