სამმა ბათუმელმა მოცეკვავემ იტალიის საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა
By

სამმა ბათუმელმა მოცეკვავემ იტალიის საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

საერთაშორისო ფესტივალი „Festival Della Danza – Palazzo Te“, რომელიც იტალიის ქალაქ მანტოვაში 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, გალა კონცერტით დასრულდა. ღონისძიებაში საქართველოდან, ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლის მოსწავლეები – ანა ბზეკალავა, მარიამ ქათამაძე და თამუნა ბახტურიძე მონაწილეობდნენ.

პროფესიული ვორქშოპი მრავალფეროვან მასტერკლასებს, პრაქტიკულ სწავლებებს, ქორეოგრაფიული ტექნიკის გაკვეთილებს და სხვა მნიშვნელოვან აქტივობებს მოიცავდა.

აღსანიშნავია, რომ წელს ფესტივალის პროგრამაში მნიშვნელოვანი სიახლე იყო – ბალანჩინის ტექნიკის გაკვეთილები, რომლებსაც მაიამი სიტი ბალეტის წამყვანი მოცეკვავე რაინერ კრენშტეტერი უძღვებოდა. სწავლებებში მონაწილეობდნენ ცნობილი მოცეკვავეები და ქორეოგრაფები – ნამდი ნვაგვუ, ილენია მონტანიოლი და ტომასო რენდა, მონრეარტის ფონდის თანადამფუძნებლები და სამხატვრო ხელმძღვანელები, ბერლინის ოპერის ყოფილი და მოქმედი სოლისტები.

დასკვნით გალა კონცერტზე ვორქშოპის მონაწილეებმა, შესწავლილი ტექნიკის გამოყენებით მომზადებული ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს.

საინტერესო ნომრებით წარსდგნენ ბათუმის კლასიკური ბალეტის სკოლის მოსწავლეები და პედაგოგების დადებითი შეფასება დაიმსახურეს. პროფესიული სწავლების გამორჩეული სტუდენტები, სამომავლოდ, შესაძლოა სოლო ვარიაციებისთვის წამყვან საბალეტო სკოლებში მიიწვიონ.

ვორქშოპი, სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა, ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეების მონაწილეობით, ისტორიულ მუზეუმში „Palazzo Te“ გაიმართა, რომელიც 500 წლის იუბილეს აღნიშნავს. სწავლებები მუზეუმის ბრწყინვალე ფრესკებით მოხატულ დარბაზებში სპეციალურად მოწყობილ საცეკვაო სტუდიებში მიმდინარეობდა. გალა საღამო კი ხელოვნების ნიმუშების ბაღში გაიმართა.

ბათუმის კლასიკური ბალეტის სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო ფესტივალში აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და მხარდაჭერით მონაწილეობდნენ.

 

  • No Comments
  • ივლისი 28, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *