სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე ლანჩხუთი–ლესას 8 კმ-იანი ახალი გზა გაიხსნა
By

სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე ლანჩხუთი–ლესას 8 კმ-იანი ახალი გზა გაიხსნა

სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა ლანჩხუთი–ლესას 8 – კილომეტრიანი, 4-ზოლიანი ახალი მონაკვეთი.

აღნიშნული მონაკვეთზე მოწყობილია 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას 2 სატრანსპორტო კვანძი.

სამტრედია–გრიგოლეთის 52 – კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად მიმდინარეობს. მეორე და მეოთხე მონაკვეთებით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს, პირველი მონაკვეთი სამშენებლო პროცესშია. მესამე, 12 – კილომეტრიანი მონაკვეთის დარჩენილი 6 კილომეტრის სამშენებლო სამუშაოები კი აქტიურად გრძელდება. ამ დროისათვის დასრულებულია ქვის სვეტებისა და სადრენაჟე ფენის მოწყობა, მიმდინარეობს გზის საფარის დაგება და სახიდე ნაგებობების მშენებლობა.

სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთი გადის გურიის რეგიონში და გვერდს აუვლის ქალაქ ლანჩხუთისა და სოფლების – გვიმბალაურის, ქვემო ჩიბათისა და ნიგოეთის დასახლებულ ნაწილს.

საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის მშენებლობა გაზრდის სატრანსპორტო გამტარუნარიანობას, გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს შეუფერხებელ სატრანზიტო კავშირს.

სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხითა და  სახელმწიფო თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის საერთო მოცულობა 324.6 მილიონი ლარია.

 

 

  • No Comments
  • დეკემბერი 17, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *