
სამუშაო შეხვედრა გაიმართა
პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესების და პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანი მართვის მიზნით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ხელმძღვანელები და ექიმები ესწრებოდნენ.
-ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი დაავადება მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის წარმატების შანსს და ამცირებს გართულებების რისკს, ამიტომ მნიშვნელოვანია, პირველადი რგოლი აქტიურად იყოს ჩართული ამ პროცესში. შეხვედრის მონაწილეებთან განვიხილეთ, როგორ უნდა განხორციელდეს პრევენციული და სკრინინგული სახელმწიფო სერვისები, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელ, ისე სოფლად მოქმედ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, – აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, რუსუდან შავიშვილმა, შეხვედრაზე წარმოადგინა ინფორმაცია რეგიონში არსებული ეპიდსიტუაციისა და განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა არსებულ გამოწვევებზე, განხორციელებულ პროგრამებსა და ერთობლივად დასაგეგმ ღონისძიებებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ეფექტურ მომსახურებას და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებას რეგიონში.
გალერეა

