სამუშაო შეხვედრა სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან
აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აშოტ სმბატიანთან.
მხარეებმა მომავალ წელს, სომხეთის ქალაქებში – ერევანსა და ვანაძორში აჭარის კულტურის დღეების ორგანიზების საკითხები განიხილეს.
როგორც აჭარის კულტურის მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი კულტურული ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ეროვნული კულტურის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას, ასევე, ორ მეგობარ ქვეყანასა და ერს შორის არსებული ისტორიული კავშირების გაძლიერებას.

თავის მხრივ, სომხეთის ელჩმა თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა და აღნიშნა, რომ ხელს შეუწყობს გაცვლითი კულტურული ღონისძიებების განხორციელებას.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ კულტურის მინისტრის მოადგილეები ბადრი ნაკაშიძე, ირმა აბულაძე და ზაურ ახვლედიანი, სომხეთის რესპუბლიკის კონსული ევა აჰარონიანი და გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში ნარინე მათოსიანი.