19 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
სამხედრო სამსახურის პირობები გააცნეს
By

სამხედრო სამსახურის პირობები გააცნეს

ქართული ჯარი ახალ შევსებას ელოდება. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებების გაცნობისთვის ქედაში, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული ცენტრის უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა არველაძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. იგი მუნიციპალიტეტის მერ როლანდ ბერიძეს, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძეს, თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულებს შეხვდა.
შეხვედრას, ასევე, სააგენტოს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი რაულ დევაძე, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ქედის მუნიციპალური განყოფილების უფროსი მაიორი მუხრან ბერიძე, განყოფილების უფროსი სერჟანტი ირაკლი ბერიძე ესწრებოდნენ.
შეკრებილებმა საქართველოს თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული ის ცვლილებები განიხილეს, რომლებიც 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს შეეხება.
ითქვა, რომ კანონმდებლობის მიხედვით, 2025 წლიდან წვევამდელთა შერჩევა ყოველწლიურად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელდება, ხოლო სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პირობებია: საბრძოლო ქვედანაყოფში – 6 თვე, ანაზღაურება – 765 ლარი; საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში – 8 თვე, ანაზღაურება – 635 ლარი; უმცროსი სამეთაურო თანამდებობა და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახური – 11 თვე, ანაზღაურება სერჟანტებისთვის -1275 ლარი, ოფიცრებისთვის – 1530 ლარი.
11-თვიანი სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, აღნიშნული პირები რეზერვში ჩაირიცხებიან.
ნებაყოფლობით გაწვევის პირობები: წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში პირადი სურვილით გაწვეულ პირებს ანაზღაურება 30%-ით მეტი ოდენობით დაენიშნებათ.
ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *