საოჯახო სასტუმრო ,,მოყვარეს“ ჯილდო გადაეცა
ბათუმში „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო სასტუმროების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 15-მდე საოჯახო სასტუმროს მეპატრონეს ,,კარგი მასპინძლის” სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროექტების განვითარების სააგენტომ მათ სპეციალური ჯილდოები და ბრენდირებული სასაჩუქრე მასალები გადასცა.
პროექტი ევროპული მოდელის „Good Host“-ის ანალოგია და მიზნად ისახავს, ქალაქგარეთ გამორჩეული სტუმართმასპინძლობის, ავთენტური გარემოს, ვიზუალის მქონე საოჯახო-სასტუმროების პოპულარიზაციასა და სტიმულირებას, განავითარონ ტურისტული ბიზნესი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ დაჯილდოების ცერემონიას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე დაესწრო და ,,კარგი მასპინძლის” ჯილდო საოჯახო სასტუმრო ,,მოყვარეს” გადასცა.
პროექტი „კარგი მასპინძელი“ აჭარაში პირველად ხორციელდება და მასში ჩართვა ნებაყოფლობითია.