საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში აქცენტს სტრატეგიული პარტნიორობის „გადატვირთვაზე“ გააკეთებს
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც აშშ-ის კონგრესში, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დელეგაცია ასევე დაესწრება კონფერენციას, რომელიც სუვერენული ქვეყნების ალიანსის სახელით გაიმართება.
სამხარაძის თქმით, ვიზიტი ითვალისწინებს ანალიტიკურ ცენტრებში დისკუსიების გამართვას საქართველო–ამერიკის ურთიერთობების შესახებ.
„მთავარი ამოცანაა, ურთიერთობები გადაიტვირთოს და არა მხოლოდ აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ უფრო მეტი შინაარსით დაიტვირთოს, ვიდრე აქამდე იყო. ველოდებით, რომ ეს იქნება ნაყოფიერი ვიზიტი და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში კონკრეტულ წვლილს შევიტანთ“, – განაცხადა მან. მისივე შეფასებით, თავად ვიზიტის ფაქტიც მიუთითებს, რომ თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელი იქნება.
ნიკოლოზ სამხარაძე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას, რომელიც რესპუბლიკელი კონგრესმენის ანა პაულინა ლუნას მიერ დელეგაციის მიწვევას უკავშირდება. მისი განმარტებით, კონგრესმენი დაახლოებულია ამერიკის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და აქტიურად არის ჩართული ე.წ. მაგა მოძრაობაში, რომელიც, თავისი მხრივ, დაკავშირებულია ჩარლი კირკის ფონდთან.
სამხარაძის შეფასებით, დელეგაციის ვიზიტი შესაძლებლობას შექმნის, რომ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდეს და უფრო ინტენსიური პოლიტიკური დიალოგით გაგრძელდეს.