სარფის ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმი კულტურის მინისტრმა დაათვალიერა
აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სარფის ლაზური ეთნოგრაფიული მუზეუმი მოინახულა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი გაეცნო ლაზი მხატვრისა და პოეტის ჰასან ჰელიმიშის ნამუშევრებს, რომლებიც მუზეუმის ფონდშია დაცული.
ჰასან ჰელიმიშის შემოქმედებაში დომინირებს ლაზეთისა და აჭარის ყოფითი სურათები, რაც მის ნამუშევრებს განსაკუთრებულ ავთენტურობას სძენს და ფართო საზოგადოებისთვის მეტად გასაგებსა და სახალხოს ხდის. მხატვრის ნამუშევრები დაცულია სარფის საშუალო სკოლის საექსპოზიციო დარბაზში, ასევე, სხვადასხვა კერძო კოლექციებში.

ელისო ბოლქვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ჰასან ჰელიმიშის ნამუშევრებისა და მათი მაღალი მხატვრული ღირებულებების სათანადოდ წარმოჩენა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საერთაშორისო კულტურულ სივრცეშიც. მისივე თქმით, კულტურის სამინისტრო ხელს შეუწყობს მხატვრის შემოქმედების წარმოდგენას სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებსა და პროფესიულ პლატფორმებზე.

მუზეუმში კულტურის მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე, ხელვაჩაურის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლუარა დუმბაძე და მერიის კულტურის სამსახურების ხელმძღვანელები.