სასამართლომ ელენე ხოშტარია კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.
განაჩენის მიხედვით, ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შესაბამისად, ის პენიტენციურ დაწესებულებას დაახლოებით ერთ წელში დატოვებს.
სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვის უფლებით ბრალდებულს არ უსარგებლია და არც განაჩენის გამოცხადებას დასწრებია. პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმის მიხედვით, ხოშტარია სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე უარს აცხადებდა იმ მოტივით, რომ „ხელისუფლების არც ერთ შტოს არ აღიარებს“.
სამართალდამცველებმა პოლიტიკოსი გასული წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს და სასჯელის სახით ჯარიმას, შინაპატიმრობას ან ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმის ფარგლებში, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის, ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადახდაზეც მან უარი განაცხადა და განაჩენის გამოცხადებამდე პატიმრობაში რჩებოდა.
ინციდენტი 14 სექტემბერს მოხდა, როდესაც ხოშტარიამ კალაძის საარჩევნო შტაბთან ბანერზე წარწერა „რუსული ოცნება“ გააკეთა. შესაბამისი ვიდეო მან თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებდა მეგი დიასამიძეს, რომელიც ანალოგიური ფაქტის გამო იყო დაკავებული, თუმცა მოგვიანებით, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.