
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა
შუახევის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებს დღვანის ბაგა-ბაღი შეემატა. მასთან ერთად სასწავლო-სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესი კიდევ 14 ბაგა-ბაღსა და 8 ალტერნატიულ ჯგუფში განახლდა, სადაც 227 აღსაზრდელი ირიცხება.
ზაფხულის განმავლობაში შეკეთდა ხიჭაურის, შუბნისა და ხაბელაშვილების ბაგა-ბაღების შენობები. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ბარათაულისა და ბუთურაულის საბავშვო ბაღებში. თანამედროვე სტანდარტების შესაბამებად მოწესრიგდა სხვა შენობები, ეზოები და გასართობი მოედნები. შეძენილია ავეჯი, საბავშვო ლიტერატურა, სათამაშოები, ჰიგიენური საშუალებები.
შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე დაბა შუახევის, ჭვანისა და ხაბელაშვილების სკოლამდელ დაწესებულებებში მივიდნენ, აღსაზრდელებს და აღმზრდელებს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
– მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში ყველა პირობაა შექმნილი, რომ პატარებმა მიიღონ შესაბამისი სკოლამდელი განათლება. სასწავლო- სააღმზრდელო პროცესი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებსა და აქტივობებს, – გვითხრა ომარ ტაკიძემ.
ოთარ ცინარიძე