საქართველოსა და უნგრეთის ცენტრალური ბანკები თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავენ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პეტრა პონევაჩ-პანას შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
აღინიშნა, რომ საქართველოსა და უნგრეთის ცენტრალურ ბანკებს მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აკავშირებთ. ამ კონტექსტში, სებ-ის პრეზიდენტმა ელჩს გააცნო ეროვნული ბანკის ძირითადი პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები.
საქართველოსა და უნგრეთის ცენტრალურ ბანკებს შორის დაგეგმილია ურთიერთგაგების მემორანდუმის (MoU) გაფორმება, რომელიც ორმხრივი თანამშრომლობისთვის მყარ ინსტიტუციურ ჩარჩოს შექმნის. მემორანდუმი მოიცავს თანამშრომლობას საგადახდო სისტემების, ფინანსური სერვისებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიმართულებით.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე იმსჯელეს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ უნგრეთის საელჩოს ეკონომიკური მრჩეველი დომინიკ კარი და საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი.