საქართველოს ბევრი ოთარ ცინარიძე უნდა ჰყავდეს
აჭარის მწერალთა სახლში პუბლიცისტის, მწერლისა და ჟურნალისტის – ოთარ ცინარიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ეს იყო საღამო, რომელზეც დარბაზი სიყვარულით, სითბოთი და მთავარი გმირისადმი მადლიერებით აივსო. იგი მთელი შეგნებული ცხოვრება თავის ქვეყანას და ადამიანებს ემსახურება, მათი ისტორიის გამზიარებლად, მათი ნიჭის გამომზეურებლად და ყოველდღიური სიახლეების დაუღალავ შემგროვებლად რჩება. მისი წიგნებისა და ჟურნალისტური პუბლიკაციების გარეშე დღეს მრავალი გმირი, მთიანი აჭარის არაერთი ფიგურა, ალბათ, შეუმჩნეველი დარჩებოდა.
ოთარ ცინარიძეს საზოგადოებამ მთის მემატიანე უწოდა და ეს მხოლოდ მეტაფორა არაა. იგი ერთადერთი შუახეველია, რომელიც ქედის, შუახევისა და ხულოს საპატიო მოქალაქეა. ამბობს, რომ 24 საათი მუშაობს, რომ მისთვის დავალების შეუსრულებლობა სიკვდილის ტოლფასია და რომ დაღლას ვერ გრძნობს, რადგან იმ საქმეს ემსახურება, რომელიც ყველაზე ძალიან უყვარს. პირველ რიგში უფლის მადლიერია იმ ძალისთვის, რომლის საშუალებითაც მრავალი ისტორიული მომენტი წიგნად აქცია და მომავალ თაობებს შეუნარჩუნა, შეაძლებინა, იდგეს ქართული სიტყვის სადარაჯოზე.
ვახო გოგრაჭაძე – მწერალი
ხუთი წლის წინ, როცა შუახევში სამუშაოდ ავედი, გამიმართლა – ოთარი დამხვდა. ის ფლობს არა მხოლოდ იმ ისტორიებს, რომლებიც ყველამ ვიცით, არამედ იმ ჩაკარგულ ამბებსაც, რომლებიც მხოლოდ სოფლის კუთხე-კუნჭულში იშლება და იმალება, ისეთ ისტორიებს, რომლებიც გუგლში ვერ მოიძებნება და ვერც ხელოვნური ინტელექტი გეტყვის. მთიანი აჭარის შესახებ რაიმე ცნობა რომ მჭირდება, პირველ რიგში ბატონ ოთარს მივმართავ. ხალხმა მას მემატიანე უწოდა და ეს შემთხვევითობა არაა – ენერგია, დაუღალავი შრომა, ადამიანების სამსახურში ყოფნა 24 საათის განმავლობაში… ხანდახან, მართლაც, შეუძლებელი წარმოსადგენია, როგორ ახერხებს ერთი ადამიანი ამდენი საქმის კეთებას. ბატონი ოთარი უკვე 13 წიგნის ავტორია. მისი ბოლო ნაშრომი – შუახევში მოღვაწე ქალბატონების ბიოგრაფიები, ის ისტორიებია, რომლებიც სხვაგან ალბათ დაიკარგებოდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, მას იუმორის შესანიშნავი გრძნობა აქვს, ერთგვარი ჩარჩო, რომელშიც ყველაზე მტკივნეულ ამბებსაც კი ისე აქცევს, რომ სითბოს ტოვებს. და თუ არ ვცდები, ორ მილიონამდე ფოტოს ავტორია – თითოეული მათგანი მთიანი აჭარის ცოცხალი ქრონიკაა.
შორენა მახაჭაძე – პროფესორი
ჩვენ, ქალაქში მცხოვრებლები, ხშირად ვამბობთ, რომ სოფელი არ უნდა დაიცალოს, რომ სჭირდება პატრონი – თქვენ კი ამისთვის ყოველდღე შრომობთ, ბატონო ოთარ. სწორედ ასეთი ადამიანები უნდა ზრდიდნენ ახალ ჟურნალისტებს, რომ სოფელ-სოფელ იარონ, გლეხების ისტორიებს მოუსმინონ და ადამიანებს, ვისაც სოფლის დატოვება უკვე გადაწყვეტილი აქვთ, გადააფიქრებინონ.
„კაცი მომცა ღონდებოდეს, ქვეყნის სატკივარი სჭირდეს, ჭიქა მიეწოდებოდეს, დალაპარაკება ღირდეს“ – სწორედ ასეთი კაცი ბრძანდებით, ბატონო ოთარ. იყავით ჯანმრთელად და დღეგრძელად – თქვენი არსებობა ქვეყანას ძალას აძლევს.

მარინა მითაიშვილი – გაზეთ „აჭარის“ მთავარი რედაქტორი
ოთარი ჩვენი გაზეთის, „აჭარის“ სახეა.
მისგან ბევრი რამ შეიძლება ვისწავლოთ – კოლეგიალობა, საქმისადმი ერთგულება, პასუხისმგებლობა, მაგრამ ყველაზე მეტად მის ხასიათში იუმორს გამოვყოფ, რომლითაც ისე გეტყვის ყველაზე რთულ სათქმელსაც, რომ გულს არ გატკენს, არ გაწყენინებს.
მადლობა დღევანდელი შეხვედრის ორგანიზატორებს, რომ ჟურნალისტის შრომა დააფასეთ, ჩვენი პროფესიის ადამიანები ამით განებივრებულნი არ ვართ. ოთარი იმსახურებს ამ პატივისცემას. მინდა ვუსურვო, დიდხანს ემსახუროს მთას, ხალხს და სამშობლოს, რომელსაც ასეთი გულისყურით უსმენს.
ანზორ ბოლქვაძე – პარლამენტარი
ოთარს, როგორც ძლიერ და ნათელ პიროვნებას, მადლობას ვუხდი მისი მოღვაწეობისთვის. მის საქმიანობას ისტორია შეინახავს, მომავალი თაობებიც არ დაივიწყებენ. ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და კიდევ ბევრი კეთილი საქმის კეთებას ვუსურვებ მთიანი აჭარისა და ჩვენი ქვეყნისთვის.
ვახტანგ ღლონტი – პოეტი
ოთარ, მეგობარო, ზუსტად იქ ხარ, სადაც ყველას უყვარხარ. შენ ხარ
სიკეთისა და სიყვარულის ელჩი. ამაოდ არ გიცხოვრია და ამას დღეს შენს საღამოზე შეკრებილი საზოგადოებაც ამტკიცებს, მათი სითბო და სიყვარული ამას მოწმობს. დიდხანს იცოცხლე და ემსახურე ქართულ სიტყვას.
ბელა ქებურია – პოეტი
საქართველოს ბევრ ოთარ ცინარიძეს ვუსურვებ – არა მხოლოდ ჟურნალისტიკაში, არამედ ყველა სფეროში. ბატონი ოთარი, დარწმუნებული ვარ, არის კაცი, რომელსაც დღის ბოლოს, საკუთარ თავთან დარჩენილს, არაფერი აქვს შესარცხვენი. ის იშვიათი ადამიანია. მადლობას ვუხდი თქვენს წინაპრებსაც, თქვენს გვარს ასეთი შვილი რომ აჩუქა. დიდხანს იცოცხლეთ, მხნედ იყავით და ემსახურეთ იმ საქმეს, რომლის მსახურებაშიც, როგორც აღნიშნეთ, არასდროს იღლებით.
საღამოს დასასრულს ოთარ ცინარიძემ მადლობა გადაუხადა მწერალთა სახლს, იქ შეკრებილ ადამიანებს, მთიან აჭარას და თქვა, რომ მისი ცხოვრების მთავარი ღირებულება სწორედ ადამიანებთან ურთიერთობა და მათ სამსახურში ყოფნაა.
– დღევანდელმა შეხვედრამ მოლოდინს გადააჭარბა. ნათლად ვიგრძენი, რომ ჩემს თითქმის 60-წლიან შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია. მთავარია, იდგე ქვეყნის სამსახურში, აკეთო საქმე ისე, რომ არავის დაამადლო და არც ვინმე მომდურავი გყავდეს. ბედნიერი ვარ, რომ აუდიტორიამ დამიბრუნა ის დიდი პატივისცემა, ის დიდი თანადგომა, რაც წლების განმავლობაში გამომიხატავს და ეს იოლი ნამდვილად არ ყოფილა… მე-13 წიგნზე ვმუშაობ, ვარ გაზეთ „შუახევის“ რედაქტორი, გაზეთ „აჭარის“ ჟურნალისტი. ეს გაზეთი ჩემი სახლია, კოლექტივი კი ჩემი ოჯახი. სამ საათზე მეტია, ადამიანები სიყვარულს მიხსნიან, მათთვის ძვირფასი დრო მოვიპარე და ეს დიდ პასუხისმგებლობას მმატებს. ჩემი ცხოვრების მთავარი კრედო ადამიანებთან ურთიერთობაა და თუ ოდესმე, როცა აღარ ვიქნები, ჩემ შესახებ ორ სიტყვას იტყვიან, მინდა ეს იყოს: მადლობა და გენაცვალე, – გვითხრა ოთარ ცინარიძემ.
ნანა აბულაძე
გალერეა

