საქართველოს ეკონომიკა ზრდის ტემპს ინარჩუნებს -ნოემბერში მშპ 7.2%-ით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 7.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რამდენიმე წამყვანმა დარგმა. მათ შორისაა ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, საფინანსო და სადაზღვევო სექტორები, ასევე, სამთომოპოვებითი მრეწველობა.
ამავე პერიოდში კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობისა და ენერგეტიკის სექტორებში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შეფასებით, მიუხედავად ცალკეულ დარგებში არსებული შემცირებისა, საერთო მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე მიუთითებს.