საქართველოს ეროვნული ბანკი თვის მიმოხილვას ავრცელებს
საქართველოს ეროვნული ბანკი ფართო საზოგადოებას ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ დეტალურ, ერთთვიან ანალიზს სთავაზობს, რომელიც ამ ეტაპზე არსებულ უახლეს ინფორმაციას ეყრდნობა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.2%, ხოლო თვის ინფლაციამ 0.6% შეადგინა.
„საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მიმდინარე წელს სტაბილურია და ოქტომბერში 2.4% შეადგინა, მომსახურების ინფლაცია ოქტომბერში 2.5%-ს გაუტოლდა.
სექტემბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპი 1.5 პპ-ით შემცირდა და წლიურმა მაჩვენებელმა 13 % შეადგინა. დეპოზიტების დოლარიზაცია სექტემბერში 0.6 %-ით შემცირდა და 49.2% შეადგინა. სექტემბერში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.3 პპ შემცირდა და 42.4%-ის დონეზეა. იმპორტს რაც შეეხება, სექტემბერში საქონლის იმპორტი წლიურ ჭრილში 0.3%-ით შემცირდა. შემცირების მიმართულებით, ძირითადად, სამომხმარებლო საქონლის იმპორტი მოქმედებდა, 1.5 პპ კონტრიბუციით, ხოლო შუალედური მოხმარების საქონლის დადებითმა კონტრიბუციამ 1.3 პპ შეადგინა.
სექტემბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 14.2%-ით გაიზარდა და 703.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. ექსპორტის ზრდა განპირობებული იყო შუალედური მოხმარების საქონლისა (8.3 პპ კონტრიბუციით) და სამომხმარებლო საქონლის (6.1 პპ კონტრიბუციით) ექსპორტის ზრდით. სექტემბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 224.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 5.4 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.