საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
By

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

22-23 სექტემბერს, სომხეთში გაიმართა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული „როუზ-როთ“-ის რიგით 108-ე სემინარი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

სემინარის მთავარი თემა იყო სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები და ამ ფონზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დემოკრატიული, უსაფრთხოების, პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ ხელმოწერილ სამშვიდობო შეთანხმებას და მის გავლენას რეგიონზე. სომხეთის მთავრობის წევრები და ღონისძიებაში მონაწილე ექსპერტული წრეები მიესალმნენ სომხეთის დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას და ხაზი გაუსვეს მის მნიშვნელობას რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

დისკუსიების დროს საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი და მათი დადებითი გავლენა რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებაზე. აგრეთვე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს კონსტრუქციულ როლზე ერევანსა და ბაქოს შორის მშვიდობის მშენებლობაში.

საქართველოს დელეგაციის წევრებმა მარიამ ლაშხმა და ლევან მახაშვილმა ასევე მიმოიხილეს რეგიონულ გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა და უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციები.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *