საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე მინდია დიასამიძე უძღვებოდა, პირველ საკითხად საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს.
დადგენილების შესაბამისი პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონებსა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს ითვალისწინებს. საკანონმდებლო ინიციატივა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრების – დავით გაბაიძისა და მინდია დიასამიძის მიერაა ინიცირებული.
როგორც მინდია დიასამიძემ აღნიშნა, ინიციატივის მომზადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურისა და უფლებამოსილების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგია. როგორც ცნობილია, აღნიშნული ცვლილებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოეყო კულტურის მიმართულება, შეიქმნა ახალი – კულტურის სამინისტრო, რამაც შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილებების აუცილებლობა განაპირობა.
კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივა პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია.
საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, ამავე კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონში ცვლილებებსა და უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ შესაბამისი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებას ითვალისწინებს, მომხსენებელი კომიტეტის ახალი თავმჯდომარე – მინდია დიასამიძე იქნება. ცვლილებამდე, მომხსენებელი ამავე კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მამუკა თურმანიძე იყო, რომელსაც უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა.