საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 105 წელი გავიდა
„პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა კოჯორში, სადაც დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო.
პრემიერის თქმით, ეს დღე შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დაცვისთვის. „პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებიც 1921 წელს შეეწირნენ საქართველოს ოკუპაციას. ისინი გმირულად იბრძოდნენ და მათ დაგვიტოვეს გმირობის ჭეშმარიტი მაგალითი. ჩვენი ვალია მათთვის პატივის მიგება. ეს დღე შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ბრძოლა და შრომა ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დაცვისთვის. ჩვენი გმირები გვაძლევენ სწორედ ამის მაგალითს და ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ზუსტად ასეთი მაგალითით, როდესაც საქმე ეხება ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვას“, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისათვის: საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 105 წელი გავიდა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. იუნკრები 1921 წლის 18-25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით, არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.