
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა.
მათივე ცნობით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან.
იგი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის მელანია ტრამპის სახელით, გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.
პრეზიდენტთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ასევე გაემგზავრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური დებატების (UNGA) მე-80 სესიაში მიიღებს მონაწილეობას და მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.
ასევე, დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლა სხვადასხვა ფორუმის ფარგლებში.