საქართველოს პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩს უმასპინძლა
By

საქართველოს პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ზორან მილანოვიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა. მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატ კოლეგას პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. პირისპირ გამართულ შეხვედრაზე კოლეგებმა ორმხრივი ურთიერთობის აქტუალური საკითხები, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივა და მიმდინარე გლობალური პროცესები განიხილეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა არსებული მეგობრული კავშირი, კულტურული სიახლოვე და საერთო ღირებულებები, რაც ურთიერთობათა შემდგომი განვითარების მტკიცე საფუძველია.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის ფასეულია ხორვატიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ხორვატიის ტერიტორიულ მთლიანობას.

კოლეგებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობისა და დარგობრივი მიმართულებით თანამშრომლობის თაობაზეც იმსჯელეს.

ზორან მილანოვიჩის საქართველოში სტუმრობა პირველი საპრეზიდენტო დონეზე განხორციელებული ვიზიტია, რომელიც, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დამატებით იმპულსს შესძენს ორმხრივი დიალოგისა და კავშირის გაღრმავებას საერთო ინტერესის ყველა სფეროში.

ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება.  დელეგაციას შემადგენლობაში არიან: ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსი ბარტოლ შიმუნიჩი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო და ევროპის საკითხებში ნევენ პელიცარიჩი, პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ველიბორ მაჩკიჩი, ხორვატიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბრანკო ზებიჩი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

  • No Comments
  • თებერვალი 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *