საქართველოს პროკურატურა ტრეფიკინგის დანაშაულებზე, მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას აგრძელებს
By

საქართველოს პროკურატურა ტრეფიკინგის დანაშაულებზე, მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას აგრძელებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2025 წლის 29 სექტემბრის ანგარიშის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით, საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით, უკვე მეათე წელია, ინარჩუნებს ადგილს უმაღლეს საფეხურზე – „პირველ კალათაში“. 188 ქვეყნიდან მხოლოდ 33 ქვეყანაა პირველ კალათაში. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, საქართველო თანმიმდევრული, კოორდინირებული და ეფექტიანი ღონისძიებების გატარებით, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით, ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო და საიმედო გარემოს ქმნის.

„სახელმწიფო მნიშვნელოვან ძალისხმევას სწევს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს სტაბილურად უმაღლეს შეფასებას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ გაძლიერებული ძალისხმევა, როგორც დანაშაულის პრევენციის, ასევე, დამნაშავეთა გამოვლენის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმძღვანელო მითითების მნიშვნელობას, რომლის თანახმადაც, ტრეფიკინგის საქმეებში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები სავალდებულო წესით ერთვებიან.

2016-2025 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა სულ 87 ტრეფიკიორის მიმართ დაიწყო. ამათგან, სრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143¹ მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 35 პირის მიმართ, არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143² მუხლით – 51 პირის მიმართ, ხოლო სრულწლოვნისა და არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143¹ და 143² მუხლებით -ერთი პირის მიმართ.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით შექმნილია შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის უწყებათაშორისი მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად განიხილავს შრომითი ტრეფიკინგის მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებს, მათ შორის, ბავშვთა ტრეფიკინგის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმებს.

საქართველოს პროკურატურა ტრეფიკინგის დანაშაულებზე, მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას აგრძელებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • No Comments
  • სექტემბერი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *