
საქართველოს ხელოვნებისა და მასმედიის პროფკავშირს ისევ დავით ოქიტაშვილი უხელმძღვანელებს
თბილისში, საქართველოს ხელოვნების, მასმედიის, კულტსაგანმანათლებლო დაწესებულებების, სპორტისა და ტურიზმის მუშაკთა პროფესიული კავშირის მე-11 ყრილობა ჩატარდა, რომელსაც გრიბოედოვის სახელობის თეატრმა უმასპინძლა.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი), რომლის შემადგენლობაშიც ხელოვნებისა და მასმედიის პროფკავშირი შედის, 1992 წელს დაფუძნდა, ხოლო თავად ხელოვნების პროფკავშირი – 2005 წლებში. 20 წლის განმავლობაში კავშირმა არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი განახორციელა.
თანდათან დარგის სამოქმედო არეალი გაფართოვდა და მას ახალი მიმართულებები დაემატა: მასმედია, კულტსაგანმანათლებლო, სპორტი და ტურიზმი. 2007 წელს სახელოვნებო დაწესებულებების მასწავლებლებს ყველა ის შეღავათი მოეხსნათ, რაც პედაგოგებს აქვთ და რის აღდგენასაც ხელოვნებისა და მასმედიის პროფესიული კავშირი ითხოვს. მათ მიერ შეტანილ წინადადებას (მოთხოვნას) საქართველოს პარლამენტის შესაბამისი სამსახური უკვე იხილავს. სახელოვნებო დაწესებულებებში პროფესიული ანსამბლების ქორეოგრაფები ადრე 40 წლის შემდეგ გადიოდნენ პენსიაში, რაც წლებია, მოიხსნა. ეს საკითხიც დიდი ხანია სათანადო სამსახურების წინაშეა დაყენებული, ასევე, მსჯელობენ პროფესიული თეატრების მსახიობებისთვის ხელფასთან ერთად, პენსიის გაცემაზეც – კულტურის დარგის ზოგიერთ სამსახურებს აღნიშნული პენსია ეძლევა, მსახიობებს – არა.
– 2005 წელს, კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებმა გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა ამავე დარგში დასაქმებულთა უფლებებისა და ინტერესების დამცველი საზოგადოება… 20 წელი სწრაფად გავიდა. ამ ხნის განმავლობაში იყო წარმატებები, სიხარულიცა და გულისტკივილიც. საქართველოს კულტურის პალატასთან ერთად, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. საქველმოქმედო ორგანიზაციების – „წითელი ჯვარი“ და „მომავლის გზა“ თანადგომით გამართულმა აქციებმა შვება არა მხოლოდ ლეიკემიითა და აუტიზმით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს, არამედ პროფკავშირის თითოეულ წევრს მისცა. საქართველოს კულტურის პალატის თანადგომით საკვები პროდუქტი არაერთხელ დაურიგდათ როგორც თბილისის, ისე რეგიონებში მცხოვრებ პროფკავშირის ხელმოკლე წევრებს. დღეს ისევ ამირჩიეს ამ თანამდებობაზე და შევეცდები, კვლავ განვაგრძო ადამიანების თანადგომა, – აღნიშნა დავით ოქიტაშვილმა.
დავით ოქიტაშვილს რამდენიმე ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს, მათ შორისაა აჭარის ხელოვნების, მასმედიის, კულტსაგანმანათლებლო დაწესებულებების, სპორტისა და ტურიზმის მუშაკთა აჭარის პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი მანანა შარაშიძე.
გალერეა
