საქართველო-აზერბაიჯანის ლიდერებმა თანამშრომლობის გაძლიერებასა და რეგიონულ სტაბილურობაზე იმსჯელეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალ დონეზე პარტნიორობას და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ამ კონტექსტში განხილული იყო საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობა, რომლის მორიგი სხდომაც უახლოეს პერიოდში საქართველოში გაიმართება.
შეხვედრისას ასევე გამოიკვეთა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს რეგიონული განვითარებისა და უსაფრთხოებისკენ.
მხარეებმა მიმოიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაც და ხაზი გაუსვეს დიპლომატიური ძალისხმევის აუცილებლობას კონფლიქტების დეესკალაციისა და მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით.