საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორობა ფართოვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატშიც გაგრძელდა, სადაც ორივე ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-აზერბაიჯანის მზარდ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას და არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე, განიხილეს ენერგეტიკის სფეროში არსებული მჭიდრო პარტნიორობა და რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტები, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც რეგიონული კავშირის გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები ისტორიულ მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული და ორი ქვეყანა ერთიანი სულისკვეთებით ვითარდება. მისი თქმით, ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა მუდმივად იზრდება, ხოლო საინვესტიციო გარემო ხელს უწყობს ახალი პროექტების განხორციელებას.
„ჩვენი ისტორიული ფესვები გვაძლევს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობას. საუკუნეების განმავლობაში ასე იყო და ასე იქნება – მეგობრული, მეზობლური, ძმური ურთიერთობების საფუძველზე ვვითარდებით, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნები და წარმატებით ვავითარებთ ჩვენს რეგიონს. ვისარგებლებ შემთხვევით და გილოცავთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ და თქვენს მთავრობას მიღწეულ წარმატებებს. საქართველო დინამიურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა ძალიან თვალსაჩინოა. თქვენ შექმენით ძალიან კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო ქვეყანაში. ბევრ უცხოელ ინვესტორს, მათ შორის, აზერბაიჯანელ ინვესტორებს, ექნებათ ძალიან კარგი გარემო, რათა კიდევ უფრო შეუწყონ ხელი ეკონომიკურ ზრდასა და პოლიტიკურ სტაბილურობას. თქვენ ხართ გარანტორი იმისა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა განვითარდება ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა ალიევმა სიტყვით გამოსვლისას.
მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას, ასევე, საერთაშორისო პლატფორმებზე ურთიერთმხარდაჭერას, განსაკუთრებით, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებში.
მხარეების განცხადებით, ურთიერთობების გაღრმავება მომავალშიც გაგრძელდება და ახალი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტები ორ ქვეყანას კიდევ უფრო დააკავშირებს.
გალერეა
