„საქართველო არავის გეოპოლიტიკური პროექტის ნაწილი არ არის“ – პრეზიდენტის აქცენტები პარლამენტში
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას, გლობალურ არასტაბილურობასა და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, „მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი მდგომარეობის გათვალისწინებით, როდესაც თითოეული აქტორი საკუთარი სტრატეგიული ინტერესებით ხელმძღვანელობს, მნიშვნელოვანია ბოლომდე დავიცვათ და მოვუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“.
პრეზიდენტმა საგარეო პოლიტიკის ძირითად პრინციპად მშვიდობა და დამოუკიდებლობა დაასახელა: „ჩვენი პრაგმატული და მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის არსი მშვიდობისა და დამოუკიდებლობის დაცვაა. საქართველო სამშვიდობო პოლიტიკას ატარებს და ეს საქმით დავამტკიცეთ“. მისი თქმით, ეფექტიანი მოქმედების შემთხვევაში, ქვეყანას შეუძლია იქცეს „საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის საკვანძო ქვეყნად“ და განიმტკიცოს „სამხრეთ კავკასიის რეგიონული ჰაბის სტატუსი“.
გაეროში ვიზიტის შეფასებისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველომ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზადყოფნა „სუვერენიტეტის პატივისცემაზე, ორმხრივ ინტერესებსა და სარგებლიანობაზე დაფუძნებული მჭიდრო ურთიერთობისთვის“.
ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას ყაველაშვილმა განაცხადა: „უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროპული ბიუროკრატია უხეშად ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ხელმძღვანელობს ორმაგი სტანდარტებით“. მისივე თქმით, „მოუწევთ შეგუება, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული სახელმწიფო“ და „არ წარმოადგენს არავის გეოპოლიტიკური პროექტის ნაწილს“.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მხრიდან არსებობს „სრული მზადყოფნა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყებისთვის“, რაც „პარტნიორობის გზამკვლევის“ შეთავაზებით გამოიხატა.
გლობალურ კონტექსტში მან 2025 წელი „მსოფლიოსთვის წყალგამყოფად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ „საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება“, ხოლო ქვეყნები უფრო ინტენსიურად იყენებენ „ხისტ ძალას“. მისი განცხადებით, საქართველომ ბოლო წლებში „უმძიმეს ზეწოლას გაუძლო“, ხოლო „ფაქტმა, რომ ამ ზეწოლას გავუძელით, საგრძნობლად გააძლიერა როგორც ჩვენი სახელმწიფო, ისე ჩვენი საზოგადოება“.
შიდა პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ინფორმირებული არჩევანის მნიშვნელობას: „ჩვენ ვალდებული ვართ, შევქმნათ ყველანაირი პირობა, რათა ჩვენს მოქალაქეებს დაბალანსებულ, ობიექტურ ინფორმაციასა და სხვადასხვა შეხედულების მქონე პოლიტიკური ძალების დისკუსიაზე ჰქონდეთ წვდომა“. მისი შეფასებით, ეს არის „ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების აუცილებელი წინაპირობა“ და დეზინფორმაციის გავლენის შემცირების გზა.
პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები „უმაღლეს დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა“, 4 ოქტომბრის მოვლენებმა გამოავლინა „რადიკალური ჯგუფების რეალური ჩანაფიქრი და მიზნები – ძალადობრივი გზით ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება“.
ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს და აღნიშნა, რომ „ძალადობრივი რევოლუციის მცდელობის აღკვეთაში განსაკუთრებული როლი სამართალდამცველებს მიუძღვით“. მისი თქმით, „არავის მივცემთ უფლებას, გაანადგუროს ჩვენი შვილების მშვიდობიანი მომავალი“.
მოხსენების დასასრულს, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კონსტიტუციურ პრინციპებსა და ეროვნული იდენტობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ „თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, ერთგულად მიჰყვეს იმ გზას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა განვლეს“ – სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრივი ღირსების დაცვის გზას.