საქართველო გადაიხარა სხვა მიმართულებით – გერმანიის ელჩის მკაცრი გზავნილი საქართველოს
საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მკაფიო და საკმაოდ მკაცრი შეფასებებით შეაჯამა. მისი თქმით, არსებული პოლიტიკური მიმართულებით, ქვეყნის ევროპული გზა, ფაქტობრივად, შეჩერებულია. ელჩის განცხადებით, ევროკავშირში გაფართოებაზე ახლა აღარ მუშაობს არც გერმანია და არც თავად ევროკავშირი:
„არსებულ პირობებში, საქართველოს არსებული კურსით, გერმანია გაფართოებაზე აღარ მუშაობს. სინამდვილეში, ევროკავშირში ამაზე აღარავინ მუშაობს“, – განაცხადა ფიშერმა და დაამატა, რომ დიდი ალბათობით, დეკემბერში ევროპული საბჭო ამ პოზიციას ოფიციალურად დაადასტურებს. ფიშერმა განსაკუთრებული აქცენტი ტექსტში გაკეთებულ კრიტიკულ ანგარიშზე გაააკეთა. მისი თქმით, დოკუმენტი სერიოზული გაფრთხილებაა: „თუ თქვენ ქართველი ხართ და თქვენი მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანებაა, ეს ანგარიში კატასტროფაა. მე ბევრჯერ საჯაროდ მითქვამს, ევროკავშირი იმართება წერილობით. მოვუწოდებ ადამიანებს წაიკითხონ ეს ანგარიში”. ელჩის განცხადებით, გერმანია სრულად ეთანხმება ბრიუსელის შეფასებებს: „გერმანია ეთანხმება ამ ანგარიშს, ჩვენ მხარს ვუჭერთ მას. საქართველომ გადაუხვია ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან. ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს საქართველოს პასუხისმგებლობაა. ფაილი დაიხურება ქართული მხარის ქმედებების გამო“. ფიშერი ხაზს უსვამს, რომ საკითხი არა პოლიტიკური ნების არქონით, არამედ, ოფიციალური თბილისის მოქმედებებით დაიბლოკა”. პეტერ ფიშერმა ჩამოთვალა ის მიზეზები, თუ რატომ იქნა მიღებული ასეთი მკაცრი დასკვნა: „ამ ქვეყანაში განადგურდა არასამთავრობო ორგანიზაციები, დემონსტრანტების უფლებები ირღვევა, პოლიტიკური პარტიები ნადგურდება, ზოგიერთი ციხეში ჩასვეს, გეგმაშია კანონი იმ პირთა პოლიტიკურ აქტივობაზე, რომლებიც ოდესმე ასოცირდებოდნენ აკრძალულ პარტიასთან, დიდი ზეწოლის ქვეშაა თავისუფალი მედია“. მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელია გადმოიტანო და დაიცვა დემოკრატიული სახელმწიფოების ძირითადი პრინციპები: „ევროკავშირი არის დემოკრატიული სახელმწიფოების კავშირი… თუ ამის ჩვენება არ შეგიძლია, ვერ გაწევრიანდები. ეს მწარე და სევდიანი სიმართლეა“. ელჩი ამბობს, რომ ევროკავშირი მაინც ინარჩუნებს იმედს, რომ საქართველო კვლავ დაუბრუნდება დემოკრატიულ კურსს, თუმცა, დღეს რეალობა სხვაა: „ეს ნამდვილად არის მწარე და სევდიანი სიმართლე… საქართველოში კანდიდატის სტატუსი რჩება როგორც თურქეთის შემთხვევაში, გვერდით გადადებული იმედით, რომ ერთ დღეს შესაძლოა, რაღაც შეიცვალოს“. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი არავის აიძულებს გაწევრიანებას: „არავისზე ხორციელდება შანტაჟი ან ზეწოლა… ევროკავშირში გასაწევრიანებლად ქვეყნებს იწვევენ. თუკი არ გსურს ან ვერ ახერხებ – არც წევრიანდები“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველიში პეტერ ფიშერმა.