საქართველო გლოვობს – სასულიერო ლიდერების სამძიმარი
ერთ-ერთმა პირველმა, სამძიმრის ტექსტი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ გამოაქვეყნა. „მწუხარებითა და თანაგრძნობით მივიღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალების ამბავი, საქართველოს, მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის, სულიერი ლიდერის, რომელმაც ცხოვრება ღმერთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებას მიუძღვნა“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე აცხადებს, რომ ილია II, მსახურების მრავალი ათწლეულის განმავლობაში, მრავალი მორწმუნის სულიერი წინამძღოლი იყო და ცდილობდა რწმენის განმტკიცებას, ქრისტიანული ტრადიციების შენარჩუნებას და საზოგადოების სულიერ განახლებას სახელმწიფო ათეიზმის წლების შემდეგ.
„ჩვენთვის ასევე დასამახსოვრებელია, რომ მან მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, რომელიც რუსეთის მიერ სრულმასშტაბიან შემოჭრას განიცდის. პატრიარქ ილია II-ის პიროვნება განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის. მისმა მსახურებამ მრავალი ადამიანი შთააგონა, დაეხმარა განსაცდელების დაძლევასა და იმედის შენარჩუნებაში ყველაზე რთულ დროსაც კი, განსაკუთრებით რუსი დამპყრობლების მიერ პროვოცირებული ომების დროს. გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსებს, სასულიერო პირებს და ყველა მორწმუნეს, რომლებმაც დაკარგეს წინამძღვარი, ასევე ქართველ ხალხს, რომლისთვისაც ის არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ნამდვილი სულიერი მამაც იყო“, – წერს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე.
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი:
„ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ ჩვენი საყვარელი ძმის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის, თანამედროვე მართლმადიდებლობის მაღალღირსი მოღვაწისა და სარწმუნოების ურყევი აღმსარებლის, გარდაცვალების შესახებ, რომელიც სიბრძნით მწყემსავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას როგორც განსაცდელების, ასევე, განახლების პერიოდებში. რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების, სასულიერო პირებისა და მორწმუნეების სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებს და მთელ საქართველოს, მართლმადიდებელ ეკლესიას. მარადიული იყოს მისი ხსოვნა თაობიდან თაობამდე!“- აღნიშნულია წერილში.
საელჩოების სამძიმარი
დილიდან თითქმის ყველა ქვეყნის საელჩო უსამძიმრებს საქართველოს. აღსანიშნავია, რომ სამძიმრის წერილები, რომელიც მათ „ფეისბუქ“ გვერდებზე ვრცელდება, ქართულ ენაზეა დაწერილი.
„საქართველოში აშშ–ის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო. „მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია: „ის იყო სულიერი წინამძღოლი, რომლის სახელი განუყოფლად უკავშირდება ეროვნულ გამთლიანებას, ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებას და საზოგადოების გაერთიანებას. ისრაელის მთავრობისა და ხალხის სახელით, ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და საქართველოში ისრაელის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“.
საფრანგეთის საელჩო საქართველოში: „საფრანგეთის საელჩო საქართველოში გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ქართული ეკლესიის 141-ე წინამძღვრის გარდაცვალების გამო.

როგორც ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ტრაგიკულ, ისე სასიხარულო მომენტებში, ის იყო ქართველი ერის წინამძღოლი და მესაჭე, უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რომელმაც გააერთიანა ქართველები და ეკლესიის ხანგრძლივ ისტორიაში ეროვნული ერთიანობა დაამკვიდრა. საბჭოთა ოკუპაციიდან ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენამდე და დღესაც, მან უმთავრესი როლი ითამაშა ქვეყნის კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნებაში. გახლდათ რა ქართველი ერის საყრდენი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში და განსაკუთრებული სიბრძნით დაჯილდოებული, მისი უწმინდესობა ტოვებს სიყვარულისა და შეუდრეკლობის გზავნილს, ურყევ რწმენას, სულიერ რენესანსსა და 50 000-მდე ნათლულს.
მისი გავლილი გზა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული თანამედროვე საქართველოს ცხოვრებასთან. გარდამავალ, ასევე რთულ პერიოდში, მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის ფიგურამ, რომელსაც საქართველოს სუვერენიტეტისადმი ღრმა ერთგულება ამოძრავებდა. ამ ეროვნული გლოვის ჟამს, საფრანგეთი გულითადად უერთდება ქართველი ხალხის მწუხარებას“.
საქართველოში შვედეთის საელჩო: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი. ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას“.
პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო: „პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის ილია II-ის გარდაცვალების გამო.
მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში, როგორც უმაღლესი მორალური ავტორიტეტი, ქართველი ერის სულიერი მამა და განსაცდელის ჟამს გადარჩენის სიმბოლო. მშვიდობით განისვენოს მისმა უწმინდესობამ“.
თურქეთის საელჩო: „უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი.
გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველას, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას. ამ მწუხარების ჟამს, გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ თანაგრძნობას და სოლიდარობას“.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას.
მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა“.
„დამწუხრებული ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებით“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე X-ზე.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა „ტვიტერზე“ პოსტი ქართულად გამოაქვეყნა: „დამწუხრებული ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ცნობით. დიადი ლიდერი, ისრაელისა და ებრაელი ხალხის მეგობარი“.