19 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
„საქართველო გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული“
By

„საქართველო გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული“

ანანო ტაბიძე 27 48 93 –

საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია 74 ხმით მიიღო. უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის ტექსტი, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ იყო წარდგენილი. დოკუმენტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების – გიორგი ხელაშვილის, მაკა ბოჭორიშვილის, ლევან ქარუმიძის, გივი მიქანაძის და თამარ ტალიაშვილის მიერ არის შემუშავებული.

ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველო გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული.

-საქართველოს პარლამენტი ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს; მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას; ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებისა; გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას; აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია; მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი; სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

რეზოლუციას ოპოზიციიდან მხოლოდ „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლებმა და პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩის“, „ლელოს“, პარტიების „საქართველოსთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმა და რამდენიმე დამოუკიდებელმა დეპუტატმა.

რეზოლუციის მიღებამდე უკრაინის მეცხრე მოწვევის უმაღლესი რადას მეშვიდე სესიის გახსნის ცერემონიას, რომელზეც მიწვეულნი იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მისიის ხელმძღვანელის იზოლაციაში ყოფნის გამო, ესწრებოდა საქართველოს საელჩოს დესპანი ლევან წურწუმია. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარი ნარჩემაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დესპანმა გამოიყენა უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში ყოფნის შესაძლებლობა და უკრაინულ მხარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა.

უკრაინის პარლამენტში პერფორმანსი გამართეს და იმ ქვეყნების დროშები გამოფინეს, რომლებმაც სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინეს ქვეყანას, თუმცა, პერფორმანსს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

-საკანონმდებლო ორგანოში, გახსნით სესიაზე, გამოიფინა იმ ქვეყნების დროშები, რომელთაც სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინეს უკრაინას. სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავ გრძელდება პოლიტიკური სპეკულაცია აღნიშნული თემით. ხაზს ვუსვამთ, რომ მხარდაჭერის საკითხი, ისეთი ფორმით, როგორც ამის წარმოჩენას ოპონენტები ცდილობენ, არ დგას ჩვენს მეგობარ უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში. მეტიც, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მუდმივი, ყოველდღიური კავშირი უკრაინელ მეგობრებთან, ამის დასტურია განხორციელებული სატელეფონო ზარები, განხორციელებული და დაგეგმილი ვიზიტები როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ, მათ შორის ასოცირებული ტრიოს ფორმატში, ყირიმის პლატფორმაში საქართველოს მაღალი დონის მონაწილეობა, კიევში საქართველოს საელჩოს კომუნიკაცია და სხვა ფორმატებში საქართველოს მხრიდან არაერთხელ ღიად გაცხადებული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, – განაცხადა მარი ნარჩემაშვილმა.

უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ოლექსანდრ მერეჟკომ საქართველოს პარლამენტს მხარდაჭერისა და უკრაინისადმი სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

ოლექსანდრ მერეჟკო უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ხელაშვილის „ტვიტერის“ პოსტს გამოეხმაურა.

-დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისა და უკრაინისადმი სოლიდარობისთვის, – წერს უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

რეზოლუციის ტექსტი არის მოზომილი, დიპლომატიური და დაბალანსებული, მაგრამ აკლია ერთი კომპონენტი – ადრესატი, რუსეთის ფედერაცია, – აცხადებს პარტია „მოქალაქეების“ წევრი ალეკო ელისაშვილი. მისივე თქმით, ტექსტში რუსეთის ფედერაცია ნახსენები რომ იყოს, სწორი რეზოლუცია იქნებოდა.

-რუსეთის ფედერაცია რომ ეწეროს, ძალიან მოზომილი და სწორი რეზოლუცია იქნებოდა, მაგრამ ეს აკლია. პირადად მე, რაც არ მომწონს, არის ის, რომ სიბეჩავეს ვასხივებთ და ვაჩვენებთ, რომ იმდენად შეშინებული ვართ, რუსეთის ხსენებაც კი არ შეგვიძლია რეზოლუციაში. არ ვამბობ, რომ ლანძღვა დავუწყოთ, შევვარდეთ, გავაღიზიანოთ, პროვოკაციაზე წამოვაგოთ, ეს ერთხელ უკვე ვიწვნიეთ, მძიმე შედეგები გვაქვს და რუსეთთან მიმართებაში სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, მაგრამ სამწუხაროდ, სიბეჩავესა და სიფხიზლეს შორის ზღვარია დაკარგული. რეზოლუცია მიანიშნებს სწორედ ჩვენს სახელმწიფოებრივ სიბეჩავეზე, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა და მიუხედავად ყველაფრისა, რეზოლუციას მხარი დაუჭირა.

მოცემულ ვითარებაში რეზოლუციის პროექტი ზუსტად გამოხატავს საქართველოს ეროვნულ და რეგიონში ომის არდაშვების ინტერესებს, – განაცხადა ფრაქცია „ქართული  ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, დოკუმენტი გამომდინარეობს იქიდან, რომ საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭიროს უკრაინელ ხალხსა და უკრაინის სუვერენიტეტს, დანარჩენი ყველაფერი კი, მეორეხარისხოვანია. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „საბაბის მოშველიება პროცესში არჩართვის საფუძვლად სწორი არ არის“.

ამასთან, მდინარაძის განცხადებით, რეზოლუციის შინაარსი მოცემულ ვითარებაში არის ყველაზე ოპტიმალური და სწორი პოზიცია, რათა სამომავლოდ ქვეყანა ყველასთან მართალი იყოს.

-ოპონენტებს შევახსენებ, როგორც კი რეზოლუციას ვახსენებ, მათ მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია მახსენდება, როცა მხარი დაუჭირეს იმას, თითქოს, ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი 2008 წლის აგვისტოში. ამაზე პასუხი გაქვთ? კერძოდ, 2008 წლის ჩანაწერზე, თითქოს, ქართველმა სამხედროებმა ომი დაიწყეს? – 2018 წლამდე, არავის წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ასეთი ამბავი მომხდარი იყო და რეზოლუციას ასე დაუჭირეს მხარი. რომელიმე თქვენგანმა იცოდით ეს ამბავი 2018 წლამდე? რეზოლუციის პროექტში უკრაინის მხარდაჭერის შესახებ წერია, სუვერენიტეტის, ომის არდაშვების ინტერესის შესახებ? – მოცემულ სიტუაციაში რეზოლუციის შინაარსი არის ყველაზე ოპტიმალური და სწორი პოზიცია სამომავლოდ იმისთვის, რომ ყველასთან მართალი ვიყოთ.

სხვათა შორის, ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ჩემი სიტყვები გადააკეთა და მოიტყუა, თითქოს, ვთქვი, დოკუმენტი უნდა მოეწონოს რუსეთს. სინამდვილეში ვთქვი, რომ რეზოლუცია ისეთი უნდა იყოს, ყველა დროში ყველასთან მართალი ვიყოთ, შიგნით, თუ გარეთ. ანუ, რეზოლუციის ტექსტი დაცლილი უნდა იყოს ყოველგვარი პროვოკაციული რიტორიკისგან, რათა მართალი იყო საკუთარ ქვეყანასთან და ხალხთან. ასევე ისეთი მოცემულობა უნდა იყოს, რაც უდავოა და საერთაშორისო თვალსაზრისით ვერავინ შეგედავება. მაგალითად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაგისახელებთ. იმას მივაღწიეთ, რომ მართლები რომ ვიყავით ოკუპანტ ქვეყანასთან, სასამართლო პროცესი მოვიგეთ. ჩემს ნათქვამს – ყველასთან მართალი უნდა ვიყოთ, მოწონებად რომ გადათარგმნი, ე.ი. გინდა, ხალხი მოატყუო. არის საკითხები, რაზეც ეროვნული ინტერესებიდან უნდა გამოხვიდე, სიღრმეებში აღარ უნდა წახვიდე, გამოხვიდე ომის არდაშვების ინტერესიდან და შექმნილი დოკუმენტი დაცალო პროვოკაციული რიტორიკისგან. თუ ამ ორი ინტერესის თანხვედრიდან შეიძლება, გამოვიდეს ტექსტი, შეიძლება მხოლოდ ის გამოვიდეს, რაც ჩვენ გვაქვს და დანარჩენი ყველაფერი არის მარტივი და პრიმიტიული სპეკულაცია, რასაც არ უნდა ავყვეთ, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვფიქრობთ, მკაფიო და გასაგები რეზოლუციაა, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ხელაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ პარლამენტის რეზოლუციის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

-დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა, როგორც რეზოლუციიდანაც ჩანს, არის დაძაბულობის შემცირება, რომ როგორმე თავიდან ავირიდოთ კატასტროფა. ეს განსხვავება თქვენთვის შეიძლება, უმნიშვნელო იყოს, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება 2014 წლის რეზოლუციებსა და დღევანდელ რეზოლუციას შორის, – აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა. მისი განმარტებით, უკრაინასთან დაკავშირებით 2014 წელს მიღებულ რეზოლუციებს, რომლებიც იყო რეაგირება მომხდარზე, რაც შეეხებოდა მიმდინარე ანექსიას ყირიმში და უკვე სექტემბერში ეხებოდა სამხედრო ვითარების გამწვავებას, მხარი დაუჭირა „ქართულმა ოცნებამ“ და არ დაუჭირა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

-რეზოლუციის ტექსტში ცვლილება შეიტანეთ და ასახეთ ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ დღეს უკრაინის, საქართველოსა და ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება რუსეთი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

-კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გააცნობიეროთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქართული პოლიტიკური სპექტრი დადგეს ერთად და რომ დღეს საქართველოს პარლამენტმა ისაუბროს ერთი ხმით. დიახ, ეს არის საქართველოს ეროვნული ღირსების და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი. დიახ, ეს არის უკრაინის ეროვნული ღირსების საკითხი და ამიტომ ჩვენ, ახლა მაინც, რეგიონისთვის ასეთი სერიოზული გამოწვევების წინაშე უნდა შევძლოთ, რომ ყოველგვარი პარტიული კუთვნილების გარეშე, მივიღოთ ზეპარტიული გადაწყვეტილება, მივიღოთ ზეპარტიული რეზოლუცია და ამით ვაჩვენოთ უკრაინას, ისევე როგორც მსოფლიოს, რომ ასეთ გადამწყვეტ მომენტებში ჩვენ შეგვიძლია ერთად დგომა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა.

ახლა, როდესაც დასავლეთი იწყებს ახალი შეკავების პოლიტიკის არქიტექტურას რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს აქვს ისტორიული შანსი იმისთვის, რომ დაჩქარდეს ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზება და თქვენ ამ შანსს უშვებთ ხელიდან და საქართველოს ართმევთ ამ შესაძლებლობას. მოგიწოდებთ, შეიტანეთ ტექსტში ცვლილება და ასახეთ მასში ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ დღეს უკრაინის, საქართველოს და ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება რუსეთის ფედერაცია და ამით მიეცით საქართველოს შანსი, დაიცვას საკუთარი ეროვნული ღირსება, წვლილი შეიტანოს რეგიონის უსაფრთხოების დაცვაში და რეგიონისთვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში იყოს ისტორიის სწორ მხარეს, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეზოლუცია, მისი ტექსტი არის ჩამოყალიბებული ზუსტად ისე, როგორც შეესაბამება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

-რაც შეეხება ზოგადად ჩვენს მიდგომას საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიციები, პრინციპული პოლიტიკა, რაც ყოველთვის აისახება ხოლმე, მათ შორის შესაბამის ტექსტებში. რაც შეეხება დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც თავის დროზე იყო ხელისუფლებაში, მე შეგახსენებთ, რომ მათი ნაბიჯების შედეგი არის ის, რომ დღეს რუსეთის ფედერაციას აქვს ჩაბარებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი. როგორც ჩანს, ეს არ ყოფნით, როგორც ჩანს, უნდათ მეტი. ეს არის ერთგვარი ომის პარტია. მათ აშკარად სურთ, იხილონ ომი უკრაინაში, ეს პირდაპირ გამოსჭვივის მათი საუბრებიდან. მგონი, ესეც არ აკმაყოფილებთ და უნდათ, იხილონ ასეთი პროცესები საქართველოში კიდევ ერთხელ. 2008 წელს რაც გააკეთეს მათ საქართველოში, იმას ვეღარ გაიმეორებენ მარტივი მიზეზის გამო – ისინი არიან დღეს ოპოზიციაში და კიდევ დიდხანს დარჩებიან ოპოზიციაში. აქედან გამომდინარე, მარტივად ვიტყვი, გვაცადონ იმ საგარეო პოლიტიკის წარმოება, რომლის შედეგი არის მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე ამბობს, რომ რეზოლუცია თანადგომას, მხარდაჭერას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რაც ძალიან მკაფიოდაა აღნიშნული და ყველა თემასთან დაკავშირებით არის პოზიცია გამოხატული, რომელიც მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში.

„შესაბამისად, რეზოლუცია არის ცხადი და მკაფიო, ოპოზიციას ჰქონდა თავისი ვერსიები და ყველა ის ვერსია იყო მიმართული არა იქითკენ, რომ სახელმწიფოს ინტერესები ყოფილიყო ტექსტში, არამედ იქითკენ, რომ სწორედ სახელმწიფოს საზიანოდ განვითარებულიყო გარკვეული მოვლენები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ვერ გავყვებით ომის პარტიას, რომელმაც მძიმე შედეგები მოუტანა საქართველოს 2008 წელს, რომელმაც ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციას 2008 წელს. ეტყობა, მათ არ აკმაყოფილებთ ეს ყველაფერი და უნდათ კიდევ „მეტი“. მათ ჩვენ ვერ გავყვებით. ეს არის რეზოლუცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ეს არის რეზოლუცია ომის არდაშვებასთან დაკავშირებით. ეს არის მკაფიო პოზიცია, რომელიც ტექსტში არის სათანადოდ ასახული. აქ ჩვენ გვქონდა პრნციპული დამოკიდებულება, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მან, ასევე, თქვა, რომ ქვეყანა ზოგადად უნდა იყოს ყოველთვის მართალი ყველასთან.

-ჩვენ ზუსტად ამ პრინციპით რომ ვმოქმედებთ, ამის ხარჯზე მოვახერხეთ მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის მეოთხე ხელისუფლება და პირველი, რომელმაც ომის გარეშე მოახერხა ვითარების შენარჩუნება ქვეყანაში. რომ ყოფილიყო სხვანაირად ეს მოცემულობა ჩამოყალიბებული, მაგალითად „ნაცმოძრაობა“ ყოფილიყო დღეს თუნდაც ხელისუფლებაში, ისინი იქნებოდნენ კვლავაც ომის პარტია, მათ სხვანაირად არ შეუძლიათ, რადგან ისინი არიან არაპატრიოტები, ანტიპატრიოტი ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისთვის ზიანის მოტანისკენ უჭირავთ თვალი, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

– მივესალმები რეზოლუციას, მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის პრინციპული პოზიცია, სოლიდარობის ჩვენება, რასაც უკრაინა იმსახურებს, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა. მან გამოთქვა იმედი, რომ რეზოლუციას საბოლოოდ ექნება ფართო მხარდაჭერა.

-ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ახლა ვხედავთ ევროკავშირის მხრიდან, ასევე სხვებისგან – იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენ არა მხოლოდ განცხადებებს ვაკეთებთ და ვიცავთ ჩვენს პრინციპებს, ასევე უზრუნველვყოფთ, რომ შესაბამისი მოქმედებები არის მომზადებული ჩვენი პრინციპების დასაცავად. ეს არის პრინციპები, რომელსაც აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა ფართო რეგიონისთვის, ასევე საქართველოსთვის. რაც შეეხება რეზოლუციის კონტექსტს, მე მივესალმები ამ რეზოლუციას, როგორც ასეთს და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამისი მოსმენა საქართველოს პარლამენტიდან, მათი პრინციპული პოზიციის გაჟღერება იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება და ასევე, მნიშვნელოვანია სოლიდარობის ჩვენება, რასაც უკრაინა და მისი მოსახლეობა იმსახურებს ამ მომენტში. რაც შეეხება პროექტს და მის ფორმულირებას, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ეს კომპლექსური საკითხია. ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ იქნება ფართო მხარდაჭერა ამ რეზოლუციის მიმართ, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

  • No Comments
  • თებერვალი 2, 2022

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *