საქართველო და გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
By

საქართველო და გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნოვაისს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა შაიხა ნასერ ალ ნოვაისს გენერალური მდივნის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, გენერალურმა მდივანმა საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მთავრობასა და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციას შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობა. ყურადღება გამახვილდა საქართველოში ტურიზმის ზრდის პოზიტიურ დინამიკაზე და ქვეყნის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებზე. აღინიშნა, რომ 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 5,5 მილიონს გადააჭარბა, რაც ტურისტული ვიზიტების ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს.
შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ ტურისტული პოტენციალის შემდგომი განვითარების მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ ნაბიჯებს.
ირაკლი კობახიძემ შაიხა ნასერ ალ ნოვაისი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.
შეხვედრა დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა და მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.
ამავე თემას პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული განცხადებითაც გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურის თქმით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და ქვეყანა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გაეროსთან მჭიდრო პარტნიორობას.
„ტურიზმი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული საყრდენია და ჩვენ ვაფასებთ გაეროსთან ჩვენს მჭიდრო პარტნიორობას მდგრადი და გლობალურად კონკურენტუნარიანი ტურიზმის სექტორის ჩამოყალიბებაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

  • No Comments
  • თებერვალი 4, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *