საქართველო საბავშვო „ევროვიზია 2025“-ს უმასპინძლებს
საქართველო ემზადება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული მუსიკალური ღონისძიების – საბავშვო „ევროვიზია 2025“-ის მასპინძლობისთვის. ფინალი 13 დეკემბერს გაიმართება და მასში 18 ქვეყნის კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს „რანინას“ გამარჯვებული ანიტა აბგარიანი წარადგენს.
ღონისძიებასთან დაკავშირებით, დღეს პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი და კულტურის მინისტრი.
პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა აქტიურ მზადებაშია.
„საქართველომ უკვე მეოთხედ მოიგო საბავშვო ევროვიზია – ეს აბსოლუტური რეკორდია და უდიდესი სიამაყე ჩვენი ქვეყნისთვის. როგორც მასპინძელი მაუწყებელი, მეორედ ვიღებთ პასუხისმგებლობას. ეს ფესტივალი მთელი კვირის განმავლობაში გააერთიანებს ჩვენს შვილებს. 3 000-მდე ბავშვი დაესწრება თითოეულ კონცერტს, ისინი თავადაც გახდებიან შეფასების პროცესის ნაწილი. ევროპული მაუწყებლების მთელი გუნდი უკვე თბილისშია და მზადება სრული დატვირთვით მიმდინარეობს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
საქართველოს კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძის თქმით, ქვეყნისთვის ეს ღონისძიება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია:
„ძალიან საამაყოა, რომ საბავშვო ევროვიზიას საქართველოში უკვე მეორედ ვმასპინძლობთ. ჩვენი ბავშვების ნიჭიერება მთელი მსოფლიოს ინტერესს იწვევს. ეს პერიოდი საქართველოს საერთაშორისო კამერების ცენტრში მოაქცევს – ევროპული მედიის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყანას გაანათებს. ეს არის ჩვენი ხმა, ჩვენი კულტურა, ჩვენი ახალგაზრდობა, რომელიც უდიდესი პოტენციალის მატარებელია. გაიზრდება ტურიზმი, გამყარდება ეკონომიკა – ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ჩვენი ევროპული ინტეგრაცია სწორედ ასე გამოიყურება – ნიჭით, ხელოვნებით და შემოქმედებით“.