საქართველო საერთაშორისო გასტროინფლუენსერებს მასპინძლობს
საქართველოს გასტრო-ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო გასტროინფლუენსერებს უმასპინძლა. „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს ესტუმრნენ საერთაშორისო მაღალი რანგის ექსპერტები და ინფლუენსერები გასტრონომიის მიმართულებით. ისინი მსოფლიოს მასშტაბით გასტრონომიული ტრენდების შემუშავებაში დიდ როლს ასრულებენ. ძალიან მნიშვნელოვანია მათი საქართველოში ვიზიტი, სტუმრები გაეცნენ საქართველოს გასტრო-ტურისტულ პოტენციალს და შედეგად საერთაშორისო მედიის ფოკუსში ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ მოხვდება“,- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
სტეფანი კიმი, ვირჯინია ნიუტონი და ჟოაო ვენგოროვისი ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს გაეცნენ, მოინახულეს კვების ობიექტები როგორც თბილისში, ასევე კახეთში. „საქართველოში დიდი შთაბეჭდილება მივიღე ხალხით და სტუმარმასპინძლობით. ვფიქრობ, ქართულ გასტრონომიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ ვიყავით ბაზარში, რესტორნებში, ვიმოგზაურეთ ღვინის რეგიონში – კახეთში, სადაც ღვინო დავაგემოვნეთ, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. პრივილეგიაა, როდესაც ღვინის ასეთი ძლიერი ტრადიცია გაქვთ, ამას დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ქართული სამზარეულო იმსახურებს, რომ მთელ მსოფლიოში იყოს ცნობილი. საქართველოში ბევრი რამ შეიძლება აღმოაჩინო და ძალიან მინდა კიდევ ერთხელ ვიმოგზაურო თქვენს ქვეყანაში“,- აღნიშნავს ავტორი, ფოტოგრაფი და ბრენდ სტრატეგიის კონსულტანტი ჟოაო ვენგოროვისი.
ინფლუენსერთა ვიზიტის მთავარი მიზანია მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე, საქართველოს როგორც მაღალი ხარისხის, ავთენტური და განსხვავებული გასტრო-ტურისტული მიმართულების პოზიციონირება.
გალერეა

