საქართველო-ყაზახეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობა ღრმავდება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი სახოკიამ სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი განვითარების სამომავლო მიმართულებები განიხილეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე წლის 23 თებერვალს ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილ მემორანდუმს, რომელიც ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოდანაშაულთან და კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, ასევე, თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიასა და ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მართვის აკადემიას შორის. შეთანხმების მიხედვით, მხარეები ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებენ და ერთმანეთს სამართალდაცვით სფეროში არსებულ საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ.
გარდა ამისა, ყაზახეთის დელეგაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფსაც ეწვევა, სადაც ისინი ადგილზე გაეცნობიან უწყების მუშაობის სპეციფიკას და განხორციელებულ რეფორმებს.