საქართველო ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა ახალ სიმაღლეებზე
ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენა, რომელიც დღეს მსოფლიო სავაჭრო ურთიერთობების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მონაწილეობით გაიხსნა. ღონისძიებაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარდგენილი.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გამოფენის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეს ფორუმი ხელს უწყობს უფრო ღია და მდგრადი გლობალური ეკონომიკის ჩამოყალიბებას: „გამოფენა აგრძელებს ჩინეთის ერთგულების დემონსტრირებას საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და საერთო ზრდის მიმართ, ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით. ჩინეთსა და საქართველოს ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებთ. სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებამ ჩვენს ურთიერთობებში ახალი თავი გახსნა. ერთად წავწიეთ წინ მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის საერთო მიზნებისკენ, განსაკუთრებით „სარტყელისა და გზის ინიციატივის“ ფარგლებში.
კობახიძის თქმით, საქართველო სულ უფრო მეტად იძენს ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული დამაკავშირებლის როლს, ხოლო თანამშრომლობა ვაჭრობის, ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების სფეროში იძლევა ხელშესახებ შედეგებს: „საქართველო ჩინეთთან პარტნიორობის მტკიცედ ერთგული რჩება. გვსურს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო, მოვიზიდოთ მეტი ინვესტიცია და გავაღრმაოთ თანამშრომლობა სექტორების ფართო სპექტრში.“

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად იქცა. 2018 წლის იანვარში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლამ მნიშვნელოვნად გაზარდა ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა: „მხოლოდ 2025 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვამ 1.6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც შთამბეჭდავი 15-პროცენტიანი ზრდაა. ეს ასახავს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების სიძლიერეს და გაფართოების დიდ პოტენციალს.“
პრემიერის თქმით, განსაკუთრებით დინამიურად ვითარდება სატრანსპორტო თანამშრომლობა: „ჩინეთსა და საქართველოს შორის შუა დერეფნის გავლით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 2025 წლის იანვარ-აგვისტოში 71 პროცენტით გაიზარდა. გარდა ამისა, 2024 წელს ტვირთების მოცულობა წინა წელთან შედარებით, 15-ჯერ მეტი იყო.“
ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებთან ერთად გაიზარდა ტურისტული და საინვესტიციო აქტივობებიც. როგორც კობახიძე აღნიშნავს: „ბოლო წლებში შეიმჩნევა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების დადებითი ტენდენცია – 2025 წლის პირველ სამ კვარტალში ვიზიტები 45%-ით გაიზარდა. საქართველო კვლავ ერთგული რჩება ჩინეთის ბაზარზე თავისი ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ადგილის პოზიციის განმტკიცების მიმართ.
გარდა ამისა, საქართველო მიესალმება ჩინური ინვესტიციების ბოლოდროინდელ ზრდას, თუმცა კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი უფრო ღრმა თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და სტუმარმასპინძლობის სექტორებში.“
პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკური მდგრადობისა და საერთაშორისო აღიარების მნიშვნელობას: „გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე საქართველო კვლავაც სტაბილური და საიმედო საყრდენის როლს ასრულებს რეგიონში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2021-დან 2024 წლამდე საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი დააფიქსირა – საშუალო წლიური 9.7 პროცენტით, ხოლო 2025 წლისთვის პროგნოზირებული ზრდა 7.2 პროცენტს შეადგენს.“
ვიზიტის დასასრულს, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა: „მქონდა პატივი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ლი ციანთან ერთად, მონაწილეობა მიმეღო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის მე-8 გამოფენის გახსნაში. ხაზი გავუსვი სტაბილურ პროგრესს ჩვენს თანამშრომლობაში ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისევე, როგორც ტვირთბრუნვის კუთხით არსებულ პოზიტიურ ტრენდს. ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას.“