საჭადრაკო რობოტი – აჭარაშია
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ აკაკი იაშვილის ინიციატივით, რეგიონულ ფედერაციებს საჩუქრად თანამედროვე საჭადრაკო რობოტი – „SenseRobot” გადაეცა.
როგორც აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა სალომე მელიამ გვითხრა, პროექტის მთავარი მიზანი რეგიონებში განათლების, ტექნოლოგიებისა და ჭადრაკის ინტეგრირება – ინოვაციური სწავლების ხელშეწყობა და მოზარდებში ლოგიკური აზროვნების, ანალიტიკური უნარებისა და ციფრული კომპეტენციების განვითარებაა.
მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში ახალი რობოტის წარდგენა გაიმართა. მისმა გამოჩენამ მოზარდებში დიდი ინტერესი გამოიწვია. შესაბამისად, დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. რობოტთან თითოეული საჭადრაკო პარტია მათთვის ახალი გამოცდილება და საინტერესო გამოწვევა იყო. აღსანიშნავია, რომ რობოტმა ინტერესი არა მარტო სპორტსმენებში, არამედ მშობლებსა და მწვრთნელებშიც გამოიწვია – ახალ „მეტოქეს“ ისინი აღტაცებით შეხვდნენ.
აღნიშნული ინიციატივა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჭადრაკი არა მხოლოდ სპორტია, არამედ განათლების, ტექნოლოგიური წინსვლისა და წარმატებული მომავლის მყარი საფუძველიც.
მანანა ძიძიშვილი