სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო ხდება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უმაღლესი განათლების განახლებული ხედვის მთავარი მიზანი სახელმწიფო უნივერსიტეტების გაძლიერებაა. მისი თქმით, ეს მიმართულება არაერთხელ ყოფილა ხაზგასმული და საზოგადოებისთვისაც თავიდანვე ცნობილი იყო, მათ შორის, უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის.
ცნობისთვის, 2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ახალი სტუდენტებისთვის სწავლას მთლიანად დაფარავს სახელმწიფო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ სწავლა უფასო ექნებათ. განსხვავებული წესი იმოქმედებს კერძო უნივერსიტეტებში მომავალში ჩარიცხულ პირველკურსელებზე – მათთვის სახელმწიფო საგრანტო დახმარება აღარ გაიცემა.
მინისტრი აღნიშნავს, რომ ყველა სტუდენტი, ვინც უკვე სწავლობს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტში, მიიღებს იმავე დაფინანსებას, რომელიც აქამდე ჰქონდათ. ეს ეხება ბაკალავრიატის მეორე, მესამე, მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. „არსებული დაფინანსების წესი მათთვის უცვლელად დარჩება“.
განათლების მინისტრის თქმით, ამ გზით საჯარო უნივერსიტეტები უკეთ გაიუმჯობესებენ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ინფრასტრუქტურას და აკადემიურ გარემოს, რადგან დაფინანსება პირდაპირ მათ მიერ წარმოდგენილ საჭიროებებზე იქნება მიბმული. ეს, მათივე შეფასებით, კონკურენციას აძლიერებს და სისტემას უფრო გამჭვირვალესა და სტაბილურს გახდის.
თუმცა, არსებობს მეორე მხარე, რაზეც განათლების სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ. მათი განმარტებებით „კერძო უნივერსიტეტების სრულად დაფინანსების გარეშე დატოვება, სავარაუდოდ, შეამცირებს აბიტურიენტთა რაოდენობას ამ სექტორში, რაც შეიძლება მათი ეკონომიკური მდგრადობის სერიოზულ გამოწვევად იქცეს. სერიოზული საფრთხეა, რომ ნაწილი უნივერსიტეტებისა დახურვის ან პროფილის შეცვლის წინაშე დადგეს, რაც განათლების მრავალფეროვნებას და კონკურენტულობას შეასუსტებს. როდესაც სტუდენტები დეკლარირებულად მხოლოდ უფასო სწავლის გამო, საჯარო სექტორში გადაადგილდებიან, იქ შესაძლებელია გადატვირთვისა და ხარისხობრივად დაკნინების რისკიც წარმოიშვას“ – აცხადებენ ისინი და აღნიშნავენ, რომ
საბოლოოდ, გადაწყვეტილების ეფექტურობა იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა სახელმწიფო უნივერსიტეტების საჭიროებების მართვას, ხარისხის ზრდას.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ასევე იგეგმება ცვლილებები, რომლის მიხედვითაც უცხოელი სტუდენტების მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, იშვიათი შემთხვევების გარდა, აღარ მოხდება. გამონაკლისად დარჩება მხოლოდ ის პროგრამები, რომლებიც ორ მხარეს შორის შეთანხმებით, ან გაცვლითი და სპეციალური წესით უკვე მოქმედებს. მინისტრის განცხადებით, საქართველოში სწავლას უცხოელი ახალგაზრდები მაინც შეძლებენ, რადგან ქვეყანაში მოქმედ 64 უმაღლეს სასწავლებელს შორის, 45 არის კერძო, სადაც მათ სხვადასხვა პროგრამის არჩევა თავისუფლად შეეძლებათ.
საქართველოს განათლების სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ცვლილებები ეტაპობრივად დაინერგება.