სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროგრამებსა და კვოტებს მთავრობა განსაზღვრავს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ახალი საგანმანათლებლო მოდელის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებაზე – სტუდენტების რაოდენობის კვოტირებასა და უნივერსიტეტების პროგრამების განსაზღვრაზე ისაუბრა.
გაბისონიას განცხადებით, კვოტები დადგინდება შრომის ბაზრის მოთხოვნების საფუძველზე, რაზეც სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების უწყებასთან ერთად მუშაობს.
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რათა დავადგინოთ 4-5-წლიან პერიოდში შრომის ბაზრის მოთხოვნები, რომლის კონვერტირებასაც პროფესიებიდან მოვახდენთ საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას ენიჭება ორი ძირითადი პრეროგატივა: კვოტების განსაზღვრა, რაც შრომის ბაზრის პროგნოზირებულ საჭიროებებს დაეფუძნება და ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც სახელმწიფო გადაწყვეტილებით განხორციელდება.
„სტუდენტების რაოდენობის კვოტირება მოხდება მთავრობის გადაწყვეტილებით და ის დაეფუძნება შრომის ბაზრის მოთხოვნებს,“ – განაცხადა გაბისონიამ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ცვლილებები მხოლოდ მომდევნო წლიდან ჩარიცხულ სტუდენტებს შეეხება.
„წელს არსებული პირველი კურსის, მეორე, მესამე, მეოთხე და მაგისტრატურის სტუდენტები ჩვეულებრივ მიიღებენ საგრანტო დაფინანსებას იგივე ლოგიკით, მათ შორის, კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულებიც,“ – აღნიშნა მან.
გაბისონიას თქმით, მთავრობა გეგმავს განსაზღვროს ყველა ის მიმართულება, რომელიც ქვეყნის სტრატეგიული განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.