სერბეთში საუბარი ტურიზმსაც შეეხო
„მნიშვნელოვანი საკითხები იქნა წამოწეული მოლაპარაკებების დროს და მინდა გითხრათ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული“, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილმა სერბეთში, საქართველოს პრეზიდენტის და დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საუბარი ასევე შეეხო ტურიზმის მიმართულებას.
„სულ ახლახან დაიწყო საჰაერო მიმოსვლა ბელგრადსა და თბილისს შორის, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. ტურიზმს ცალკე აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. მოგეხსენებათ, რომ რელიგიური ტურიზმი ისეთი მიმართულებაა, რასაც აქვს განვითარების პოტენციალი. ჩვენ მხარს ვუჭერთ სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე, სერბეთი ყოველთვის გვერდით უდგას საქართველოს ამ მიმართულებით. გავაგრძელებთ მეგობრობას, პარტნიორობას და ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
პრეზიდენტის ვიზიტი სერბეთის დედაქალაქში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილმა პოლიტიკური შეხვედრები უკვე გამართა სერბეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.