
სიახლე – ევროკავშირში მესამე ქვეყნებიდან შემსვლელი მოქალაქეებისთვის
ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მან ევროკავშირის გარე საზღვრების გადაკვეთისთვის ახალი ციფრული შესვლა-გასვლის სისტემის (Entry/Exit System-EES) დანერგვა დაამტკიცა. გადაწყვეტილებას პარლამენტის 572-მა წევრმა მისცა ხმა.
ახალი სისტემა თანდათან შემოდგომიდან ამოქმედდება და დაინერგება 180 დღის განმავლობაში, ანუ მესამე ქვეყნებიდან ევროკავშირში შესვლისას საჭირო გახდება შემდეგი მონაცემები: სახელი, დოკუმენტის ტიპი, საზღვრის გადაკვეთის ადგილი და ბიომეტრიული მონაცემები. მონაცემები იმ პირთა შესახებ შეგროვდება, რომლებიც ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზით ან უვიზო რეჟიმით შედიან.
საწყის ეტაპზე, ტექნიკური ხარვეზების შემთხვევაში, მისი ფუნქციონირება შესაძლოა, დროებით შეჩერდეს. წევრი სახელმწიფოები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ, თანდათანობით დანერგონ ეს სისტემა, თუ ყველა საკონტროლო პუნქტზე დაუყოვნებლივ დაიწყონ.
EES მესამე ქვეყნების მოქალაქეებზე თანაბრად გავრცელდება. ეს ნიშნავს, რომ შენგენის ზონაში მათი ყველა შესვლა-გასვლა ერთ მონაცემთა ბაზაში აღირიცხება, ხოლო სასაზღვრო სამსახურები მათ ბიომეტრიულ მონაცემებს ავტომატურად წაიკითხავენ და შეინახავენ.
EES-ის მთავარი მიზანი სასაზღვრო კონტროლის მოდერნიზაცია, შენგენის ზონაში უსაფრთხოების გაუმჯობესება და მრავალი პროცედურის ავტომატიზაციით სასაზღვრო შემოწმების მეტი ეფექტურობაა.
შესვლისა და გასვლის რეგისტრაცია – სისტემა მესამე ქვეყნის მოქალაქეების ყოველი შესვლისა და გასვლის შესახებ ავტომატურად აღრიცხავს მონაცემებს – თარიღს, საზღვრის გადაკვეთის ადგილს, ინფორმაციას სამგზავრო დოკუმენტზე და ბიომეტრიულ მონაცემებს, ანუ თითის ანაბეჭდებსა და სახის გამოსახულებას.
პასპორტში შტამპების ჩანაცვლება – EES პასპორტებში შტამპის ხელით დასმის ამჟამინდელ პრაქტიკას შეცვლის, რაც დროს დაზოგავს და საზღვრის გადაკვეთის უფრო ზუსტ მონაცემებს უზრუნველყოფს.
ევროკავშირში ყოფნის ხანგრძლივობის აღრიცხვა – სისტემა ავტომატურად გამოთვლის, თუ რამდენ ხანს იმყოფებოდა მოგზაური შენგენის ზონაში, რაც მაქსიმალური ვადით, კერძოდ, 180-დღიან პერიოდში 90 დღით ყოფნის წესის დაცვას ხელს შეუწყობს.
დარღვევების გამოვლენა – EES იმ პირთა გამოვლენას გაამარტივებს, რომლებიც ევროკავშირში ყოფნის ნებადართულ ვადას აჭარბებენ, ასევე, ხელს შეუწყობს იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებიც დოკუმენტების გარეშე მოგზაურობენ ან ყალბ დოკუმენტებს იყენებენ.
გაძლიერებული უსაფრთხოება – ბიომეტრიული მონაცემების შეგროვება და ინფორმაციის გაცვლა ევროკავშირის სხვა მონაცემთა ბაზებთან, როგორიც არის, მაგალითად, სავიზო საინფორმაციო სისტემა (VIS) და ევროკავშირის მოქალაქეთა მონაცემთა სისტემა (SIS), რაც ტერორისტული თავდასხმებისა და სხვა სერიოზული დანაშაულების პრევენცია-გამოძიებას ხელს შეუწყობს.
ეს ცვლილება ვრცელდება:
– ვიზის არმქონე ვიზიტიორებზე (მაგალითად: გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიასა და იაპონიაში);
– შენგენის ვიზის მფლობელებზე, რომლებიც მოკლევადიანი ნებართვით შედიან;
– ხშირ მოგზაურებზე და ბიზნესვიზიტიორებზე;