სიმღერის ჯადოსნური ძალა – სკოლაში
By

სიმღერის ჯადოსნური ძალა – სკოლაში

„შემეცნებითი საგანმანათლებლო ლექცია-კონცერტების ციკლი საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის“ – ეს აჭარის კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული აჭარის მუსიკალური საზოგადოების პროექტია, რომლის ხელმძღვანელი სამუსიკო ხელოვნების დოქტორი, აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, აჭარის მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე ზაირა ვადაჭკორია გახლავთ. მისი მიზანი მომავალი თაობისთვის სხვადასხვა ეპოქისა და ჟანრის მუსიკის გაცნობა, მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება და მათი შემოქმედებით აქტივობებში ჩართვაა.

ლექცია-კონცერტები ხულოში, ქედაში, ქობულეთსა და ბათუმში ჩატარდა. შეხვედრებზე მონაწილეებმა ხალხური, კლასიკური და თანამედროვე მუსიკის ნიმუშები მოისმინეს, გაეცნენ მათი შექმნის ისტორიულ კონტექსტსა და სტილისტურ თავისებურებებს.

პროექტს სასწავლო-შემეცნებითი დანიშნულება ჰქონდა. ამ ლექცია-კონცერტებით მსმენელები პირველად გაეცნენ თემას და მუსიკალურ მასალას ერთად. პროექტი მოიცავდა აღორძინების ხანას, რომანტიზმის ეპოქას, კლასიკურ-ქალაქური მუსიკის ჟანრს, ქართულ მრავალხმიანობას, საეკლესიო ქორალს, თანამედროვე ქართველ კომპოზიტორთა მუსიკას, განწყობის მუსიკას, მუსიკის თერაპიას.

როგორც ზაირა ვადაჭკორიამ გვითხრა, მუსიკალური მასალის ცოცხლად შესრულებამ მოსწავლეებში განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია.

– ქედის ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა დიდი სურვილი გამოხატა, რომ პროექტში მონაწილე მუსიკოსებთან ერთად შეესრულებინა რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოები, რაც ნამდვილად სასიხარულო იყო. რაკი მოსწავლეებში სიმღერის სურვილი გამოვიწვიეთ, ეს ჩვენთვის ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. მუსიკის გარეშე ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა, დადებითი განწყობა და შემოქმედებითი აზროვნება ერთმანეთთან კავშირშია, – აღნიშნა ზაირა ვადაჭკორიამ.

ლექცია-კონცერტის მსვლელობისას, ორგანიზატორმა და მონაწილეებმა რენესანსის ეპოქის განმასხვავებელ თვისებებზე, კულტურის საერო ხასიათზე ისაუბრეს, ამ ეპოქის სიმღერები შეასრულეს. ისაუბრეს ასევე მოცარტზე, „როგორც პატარა საოცრებაზე“, ქართულ ოპერებზე, მუსიკაში შემოჭრილ ახალ გამომსახველობით საშუალებებზე, შეასრულეს გერშვინის, ბახის, ბეთჰოვენის, შუბერტის ნაწარმოებები, განსაკუთრებული ადგილი დაუთმეს ქართული ჰიმნოგრაფიის შედევრს „შენ ხარ ვენახი“, ასევე პოპ-მუსიკასა და ჯაზს. მოსწავლეებმა გაიგეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მუსიკა ჩვენი ემოციებისთვის…

ამ საინტერესო პროექტში მუსიკოსები ლიკა დოლიძე, ნატა ვართანიანი, ქეთევან ვადაჭკორია, ნონა ვართანიანი, თამარ ლომაძე, დიანა ავალიანი, შორენა კეშელავა მონაწილეობდნენ. რამდენიმე მუსიკალური ნომერი ვიოლინოზე თათული ჩხაიძემ შეასრულა.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ოქტომბერი 21, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *