18 C ბათუმი
Wednesday 18th June 2025
სიყვარული პასუხისმგებლობაა – ახალი კანონი შინაურ ცხოველებზე
By

სიყვარული პასუხისმგებლობაა – ახალი კანონი შინაურ ცხოველებზე

საქართველოში შინაური ცხოველების პატრონებს მალე მნიშვნელოვანი ვალდებულებები დაეკისრებათ – პარლამენტში უკვე მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა, რომელიც ცხოველთა სავალდებულო რეგისტრაციასა და სტერილიზაცია/კასტრაციას ითვალისწინებს.

კანონის ამოქმედების შემდეგ ყოველი ძაღლისა და კატის, რომელიც ოჯახში ცხოვრობს, ოფიციალურად დარეგისტრირება სავალდებულო გახდება, მფლობელებს მოუწევთ ცხოველის სტერილიზაციის უზრუნველყოფაც.

ხელისუფლება ამბობს, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელია მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. საზოგადოების ერთი ნაწილი ამას მიესალმება, მეორე კი ფიქრობს, რომ რეგულაცია ზედმეტად მკაცრია და პატრონებისთვის დამატებითი ფინანსური ტვირთია.

ამ საკითხზე ვესაუბრეთ ნიკა ბერიძეს, რომელსაც ჰასკის ჯიშის ძაღლი უკვე 4 წელია ჰყავს.

– ნიკა, რას ფიქრობთ შინაური ცხოველების რეგისტრაციის აუცილებლობაზე?

– რეგისტრაცია ლოგიკურია. ეს ხელს შეუშლის შინაური ცხოველის ქუჩაში მოხვედრის რისკებს. დღეს ქვეყანაში მიკედლებული ან უმეთვალყუროდ დარჩენილი ძაღლების რაოდენობა 300-350 ათასს აღწევს. ამ კანონის მიღების შემდეგ ყველა პატრონი იდენტიფიცირებული იქნება და სხვა ვალდებულებებიც დაეკისრებათ.

– ნახევარი წლის შემდეგ ახალდაბადებული შინაური ცხოველის კასტრაცია/სტერილიზაცია სავალდებულო ხდება, როგორ შეაფასებდით ამას?

– მგონი, ეფექტური სტრატეგიაა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიება ფინანსურად ხელმისაწვდომი გახდეს მოსახლეობისთვის. სავალდებულო ინტერვენცია უფასოა მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში, ზოგჯერ კი პასუხისმგებლობა რჩება მოქალაქეს, რომელმაც შესაძლოა იმ მომენტისთვის ეს ვალდებულება ვერ შეასრულოს და ამისთვის ჯარიმა დაწესდება.

– კანონპროექტში სხვა შეზღუდვებიცაა – 2025 წლის 1 ივლისიდან, რეგისტრაციის შემდეგ, მრავალბინიან საცხოვრებლებში სამ ცხოველზე მეტის ყოლა იკრძალება. რას ფიქრობთ ამ აკრძალვაზე?

– შინაური ცხოველების რეგისტრაცია მართლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ სამ ცხოველზე მეტი ვისაც აქამდე ჰყავდა, იმათ რა ბედი ეწევათ, ესაა საკითხავი. სანქციების ამოქმედების შემდეგ კანონის არშესრულების შემთხვევაში ალბათ ფინანსურ ჯარიმას დააკისრებენ.
– როგორც ვიცით, რისკჯგუფების ჯიშის ძაღლების კონტროლიც გამკაცრდება – პიტბულების, მასტიფის, კავკასიური ნაგაზის…

– საფრთხის შემცველი ჯიშიანი ძაღლების მკაცრმა კონტროლმა შესაძლოა საზოგადოების უსაფრთხოებაზე დადებითად იმოქმედოს, თუმცა აქაც სხვა მიდგომებია საჭირო. პატრონს უნდა დაევალოს, შინაური ცხოველი ატაროს სპეციალისტთან, ასწავლოს საზოგადოებასთან კომუნიკაცია, აგრესიის მართვა და ასე შემდეგ. ამ ჯიშების ყოლის სრულად აკრძალვა დაუშვებელია.

– კიდევ რა არის ამ ახალი კანონპროექტში ისეთი, რაც თქვენ ან სხვა პატრონებს გაწუხებთ?

– შინაური ცხოველების პატრონების უმეტესობა მას მხარს უჭერს, მაგრამ მიაჩნიათ, რომ თუ მათ ვალდებულებაში შედის, ძაღლს ჩაუდგან მიკროჩიპი, გაუკეთონ აცრა და საჭიროების შემთხვევაში – სტერილიზაცია ან კასტრაცია, ეს მომსახურება მათთვის უნდა იყოს უფასო. დამატებითი ხარჯების გაღება, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის, მიუღებელია, – გვითხრა ნიკა ბერიძემ.

საინტერესოა ზოგ შემთხვევაში კასტრაცია საზიანო ხომ არ არის შინაური ცხოველების ჯანმრთელობისთვის? ვეტერინარების აზრით, პატრონმა არ უნდა შეხედოს კასტრაციას როგორც ცხოველზე ძალადობას. თუ სწორად გაკეთდება, ეს ჰუმანური, სამედიცინო და გრძელვადიანად სასარგებლო გადაწყვეტილებაა. ისინი მიიჩნევენ, რომ კასტრაცია, როცა სწორ ასაკში კეთდება, პროფესიონალ ვეტერინართან და შესაბამისი მოვლით, არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის საფრთხეს, პირიქით – ხშირად იცავს ცხოველს მძიმე დაავადებებისგან, როგორებიცაა სიმსივნე, საშვილოსნოს ანთება, ან პროსტატის დარღვევები, თუმცა, როგორც ყველა ქირურგიულ პროცედურას, რისკები მასაც ახლავს. მაგალითად, ანესთეზიისადმი აუტანლობა ან წონაში მომატება, მაგრამ სპეციალისტების თქმით, ეს მართვადია. მთავარია, პატრონმა იცოდეს, რომ ოპერაციის შემდეგ მის შინაურ ცხოველს სწორი კვება და მოძრაობა სჭირდება.

შინაურ ბინადარ ცხოველთა საქართველოს კანონის პროექტი საპარლამენტო სესიაზე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ უკვე წარადგინა.

კანონპროექტი თავისი შინაარსით შედგება რამდენიმე ძირითადი მიმართულებისგან. მთავარი სიახლე, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, ეს არის შინაური ბინადარი ცხოველების საყოველთაო რეგისტრაცია, იდენტიფიკაციის ვალდებულება, რაც იმის გარანტიაა, რომ სამომავლოდ ქუჩაში გაგდებული ძაღლი აღარ უნდა იყოს.

გარდა ამისა, იქნება საგამონაკლისო წესი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ გავამრავლოთ ცხოველები. ამისთვის იმ დაწესებულებებს ან პირებს, რომლებიც ამრავლებენ ცხოველებს, დაეკისრებათ ვალდებულება, რომ გაიარონ შესაბამისი რეგისტრაცია მუნიციპალიტეტში და მათი გამრავლებული ყველა ცხოველი დარეგისტრირდეს და შევიდეს მონაცემთა ერთიან ბაზაში.

ასევე, იქნება საგამონაკლისო წესი სტერილიზაცია-კასტრაციის სავალდებულო მიდგომასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგამოფენო ძაღლებს, რომელთა სტერილიზაცია-კასტრაცია მათ ხარისხობრივ მაჩვენებელს ქვემოთ სწევს, რის გამოც გამოფენებში ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას. მათი მეპატრონეებიც ვალდებულნი იქნებიან, რომ დაარეგისტრირონ თავიანთი ცხოველები, როგორც საგამოფენო ძაღლები და ბუნებრივია, მათი გამრავლების შემთხვევაში, ასევე, ნაყარიც უნდა დარეგისტრირდეს ბაზაში. საგამოფენო სტატუსს უნდა ადგენდეს შესაბამისი ჯიშიანობის ცნობა.

ასევე, გამონაკლისად იქნება დაშვებული მეპატრონეების უფლება, რომ ერთჯერადად დარეგისტრირდნენ და მოითხოვონ სახელმწიფოსგან თანხმობა იმისთვის, რომ საკუთარი ცხოველი გაამრავლონ. ოღონდ მხოლოდ ერთჯერადად და ბუნებრივია, აქაც მკაცრად გაკონტროლდება ნაყარის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის საკითხები.

ხატია იაშვილი

  • No Comments
  • ივნისი 18, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *